ახალი ამბები

მეტრო “ვარკეთილი” 10-წლიანი გარანტიით გარემონტდა

30 იანვარი, 2018 • 5158
მეტრო “ვარკეთილი” 10-წლიანი გარანტიით გარემონტდა

მეტროსადგურ “ვარკეთილის” სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტროლი სატრანსპორტო კომპანიის სამშენებლო სამუშაოების სამსახურს უნდა გაეწია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდა შეემოწმებინა.

“ვარკეთილის” მეტროსადგურის განახლება 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სატრანსპორტო სამსახურმა კომპანია “ყვარელრემმშენთან” გააფორმა 347 848  ლარის ღირებულების ხელშეკრულება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებზე კონტროლის გაწევა ევალებოდა ინსპექტირების ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ სამშენებლო სამსახურის სამშენებლო სამუშაოების მიმღები, სამშენებლო სამსახურის ხარისხის კონტროლისა და მიღების ჯგუფის ინსპექტორი.

ხელშეკრულების მიხედვით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებულ ორგანოს უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოები.

ხელშეკრულების მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებს 10 წლის გარანტია ჰქონდა. იმ სამშენებლო მასალებზე, რომელთა ღირებულება 500 ლარზე მეტია, გარანტია არის 36 თვე, ხოლო იმ მასალებზე, რომელთა რაოდენობა 500 ლარზე ნაკლებია – 12 თვე.

დღეს, 30 იანვარს, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, რის გამოც დაშავდნენ მგზავრები. ისინი გადაყვანილი არიან თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში. ადგილზე მისული იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მასალების გადაბეჭდვის წესი