„მე მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღაშფოთა ბევრი ქართველი მართლმადიდებელი. რაც მოხდა ადიგენში, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაცია, რომელიც, საბოლოო ჯამში, აპირისპირებს ქართველს ქართველთან და ეს არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის. ის, რომ წინა მთავრობის დროს ასე არ ხდებოდა, ეს არ იყო შიშის ბრალი, ეს იყო იმის გამო, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვიმეორებდით, რომ საქართველოში არის ყველა თანასწორი.

 

 

მე მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს შურისძიების ენით ლაპარაკი, მე მოვუწედებ ყველას, რომ ერთმანეთთან ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი რთული გეოპოლიტიკის გათვალისიწინებით, როცა მეზობლები გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები, და ეს მათთანაც გვიქმნის პრობლემებს, პრაქტიკულად ჩვენ ვრჩებით პირისპირ მხოლოდ ერთი მეზობლის, ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის მიმართ. ასეთი პროვოკაციების შედეგად ჩვენ ვრჩებით დაუცველები.

 

მინდა მთავრობას მოვუწოდო, რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა და გამოხატოს პოზიცია, რათა მომავალში ვერავინ ვერ შეძლოს ასეთი რამის გაკეთება, მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის და საერთოდ ქრისტიანებისთვის ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა და ამას აქვს თავისი შედეგები.  

 

მე აქ მოვედი, მეჩეთის წინ, სწორედ იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში, რომ საქართველოს მმართველები, პოლიტიკოსები, ყველა აღმსარებლობას ერთნაერად სცემდნენ პატივს და მე, როგორც მართლმადიდებელმა, მინდა გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ. საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი, მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არა აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის.

 

 

მინდა ასევე გამოვეხმაურო ადიგენის გამგებლის დაკავებას დღეს, 2009 წლის რაღაც დაღვევის ბრალდებით. მე მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ ნუ ჩაიგდებს თავს ასეთ უხერხულ სიტუაციაში. რას ნიშნავს დღეს, როცა იქ ასეთი სამოქალაქო დაძაბულობის კერაა, გამგებელმა, რომელმაც უარი თქვა, ჩემი  ინფორმაციით, უკანონო ბრძანების შესრულებაზე, მინარეთის დაშლაზე. ამ გამგებელს ამ ბრძანების არშესრულებიდან რამდენიმე დღეში აკავებ, 2009 წელს თუ გასულ წლებში რაღაც სამსახურებრივი გადაცდენის ბრალდებით, ეს არის არა მხოლოდ ძალიან უხერხული, არამედ დიდი უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ. მე ვფიქრობ, კანონიერება უნდა აღდგეს, ყველას უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იქაც, ადგილზე ძალიან ბევრი მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ხალხი ძალიან დიდი აღშფოთებით შეხვდა იმას, რაც მოხდა და ყველამ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო უფლებები.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

მიხეილ სააკაშვილი მეჩეთთან
მიხეილ სააკაშვილი მეჩეთთან

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *