CNN-ის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა სუ -27-მა აშშ-ის საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრა. ამერიკელი პილოტების განცხადებით, რუსული თვითმფრინავი ამერიკულს 1.5 მეტრის დაშორებით მიუახლოვდა.
CNN-ის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავის ჩარევის გამო აშშ იძულებული გახდა, მისია დაგეგმილზე ადრე დაესრულებინა.
აშს-ის სამხედრო ძალები ევროპაში, რომელიც ასეთ ოპერაციებს კურირებს, ადასტურებს მომხდარს და განცხადებასაც ავრცელებს. მათი შეფასებით, თვითმფრინავებს შორის ინტერაქცია არ იყო უსაფრთხო სუ-27-ის გამო. მათივე თქმით, ინციდენტი 40 წუთს გრძელდებოდა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, მათი თქმით, რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო წესების დაცვით დაფრინავდა, როცა ამერიკულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, შემთხვევა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების ტერიტორიაზე მოხდა.
CNN-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევები რუსეთისა და აშშ-ის თვითმფრინავებს შორის გახშირდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ის, რუსეთის და ნატოს ძალებს ფიზიკურად ერთმანეთთან ახლოს უწევთ ყოფნა.