ახალი ამბები

ჭელაში დაკავებულ სამ პირს 400- ლარიანი ჯარიმები შეუფარდეს

27 აგვისტო, 2013 •
ჭელაში დაკავებულ სამ პირს 400- ლარიანი ჯარიმები შეუფარდეს

სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით დააჯარიმა. აღნიშნული პირები “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობენ, რომ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან და მის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ გამორიცხავენ. დაკავებულებს ადვოკატი არ ჰყავდათ. ისინი ამბობენ, რომ იურუდიულ მომსახურებაზე თვითონ თქვეს უარი, რადგან არ ჰქონდათ იმედი, რომ ადვოკატი რამეს შეცვლიდა. 

 

გათავისუფლებულები იხსენებენ, რომ ისინი სოფელ ჭელაში დააკავეს. ბადრი ჩიგოძის თქმით, იგი თავის მუსლიმ მეგობრებთან ერთად მეჩეთში მივიდა და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ ანგრევდნენ მინარეთს, როდესაც მასსა და ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. 

 

გათავისუფლებელების თქმით, მათ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომატების კონდახებით სცემეს. ბადრი ჩიგოძე ამბობს, რომ მხარი აქვს ნაღრძობი. მას სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა. ჩიგოძის განცხადებით, მათ ზუსტად არ იციან, კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არც ის იციან, იყვნენ თუ არა ისინი პოლიციის თანამშრომლები

 

“ჩემი აზრით, ისინი უფრო სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ, რადგან სამხედრო ფორმებში იყვნენ ჩაცმული,”- ამბობს ბადრი ჩიგოძე “ნეტგაზეთთან” საუბარში. მისივე თქმით, დემონტაჟის დროს პოლიციელებს მათთვის არანაირი საბუთი არ წარუდგენიათ, თუ რატომ ანგრევდნენ მინარეთს.  

 

დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჭელაში დაკავებული კიდევ 6 პირის სასმართლო პროცესი გაიმართება. სამ მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვთ ბრალი წაყენებული. 

 

სასამართლო პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები-  “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,” “საია,” “სამართლიანი არჩევნები” და სახალხო დამცველტან არსებული ტოლერანტობის ცენტრი აკვირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი