ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაკავებული 6 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს გამოძიება.
სამარჯიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სამ პიროვნებას, როლანდ შანთაძეს, ვახტანგ მარკოიძესა და გენადი აბაშიძეს რომელთა დამცველი თავადაა, ბრალი ჯერ არ წაყენებიათ, რადგან 48 საათი ჯერ არაა გასული. ამჟამად ფაქტების მოძიება მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის განმხორციელებელს სჯის. ამ კანონის მეორე ნაწილში ვკითხულობთ:
“2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება ტუსაღობით ვადით ოთხიდან ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.”
“ბრალი წაყენებული არც ერთს არ აქვს. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა. პოლიცილების სხეულის დაზიანება, მათ შორის თვითონ ბრალდებულების სხეულის დაზიანების ფაქტები. მიმდინარეობს დაკითხვები მოწმეთა თუ რა მოხდა იქ [სოფელ ჭელაში]. ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სამი პირს შეუძლებელი იყო წინააღმდეგობა გაეწია 100 თუ 150 პოლიციელისთვის,”- განაცხადა სამარჯიშვილმა.

სამარჯიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე არ უმსჯელია, თუმცა თვითონ ადვოკატი პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე პროკურატურას მიმართავს. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, იგი ხვალ გაეცნობა საქმის დეტალებს და ამის შედმეგ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მყოფი კიდევ 6 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომელთა პროცესი ხვალ, ახალციხის სამხარეო სასამართლოში გაიმართება. დაკავებულ 6 პიროვნებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა, ედებათ ბრალად.
თამარ უჩიძის, “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტის განმარტებით, სამხარეო სამმართველოს ეზოში ორი საათია რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შევიდა. ადვოკატი სამარჯიშვილი, რომელიც სამხარეო სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა აცხადებს, რომ დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა მათ არ სჭირდებოდათ.
თავდაპირველად დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თამარ უჩიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სულ 20-21 ადამიანი იყო დაკავებული სამცხე-ჯავახეთის შს სამხარეო სამმართველოს შენობაში. ამათგან შვიდმა ადამიანმა შენობა დატოვა. “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშრიდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს რომ დაკავებულების ზუსტი რაოდენობა მოეწოდებინათ.
სამხარეო სამმართველოს შენობასთან მინარეთის დემონტაჟის წინააღმდეგ და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქციის მონაწილეები ისევ შეკრებილი არიან. უჩიძის განმარტებით, მათი უმეტესობა სოფელ ჭალედანაა ჩამოსული, რომელთა ნაწილი სამმართველოს შენობასთან აპირებს დარჩენას.
გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.








