“ფართო საზოგადოების მუდმივ შეშფოთებას იწვევდა გასული წლის ნოემბრიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა თუ სხვა სახის ინციდენტების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას საკითხის დელიკატურობასა და დიდ მნიშვნელობაზე.
სამწუხაროდ, ბოლო თვეების მანძილზე მომხდარი ინციდენტების დროს, მათ შორის სოფლებში წინწყაროსა თუ სამთაწყაროში, სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული საკუთარი მინიმალური ფუნქციებიც კი. სახელმწიფო არ გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დამცველად და არ აღკვეთა ძალადობა. მეტიც, სხვადასხვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა გააკეთეს წინდაუხედავი განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მეტად სახიფათო კლიმატის ჩამოყალიბებას.
საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფოა. აღსანინიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო არ უშვებდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ან დაპირისპირებას, ადგილი არ ჰქონია არც ერთ რაიმე სახის მნიშვნელოვან ინციდენტს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს უკიდურესი სიფრთხილე, არ დაუშვას საქართველოს მოქალაქეთა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია და დაიცვას მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამინდელი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების მთელი კასკადის გაგრძელება პირდაპირ ემუქრება ქვეყნის შიდა სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს აძლევს ხელს,”- ნათქვამია განცხადებაში.
გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.
მინარეთის დემონტაჟი ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილმა გააპროტესტა. ახალციხეში, სამხარეო სამმართველოს შენობასთან ათობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოფელ ჭელაში მეჩეთისთვის მინარეთის მოხსნას აპროტესტებენ და დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მტავარი სამამრთველოს შენობაში დაკავებული 7 პირი უკვე გაათავისუფლეს. თამარ უჩიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, 13-14 პირი რჩება დაკავებული.





