“სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტის, თამარ უჩიძის განცხადებით, სამხარეო სამმართველოს შენობიდან გამოსულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ 20-21 პიროვნება რჩება დაკავებული. დაკავებულების განცხადებით, მათ ფიზიკურად არ გასწორებიან, ისინი დაკითხეს და დანარჩენ დაკავებულებსაც დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლებენ.
გათავისუფლებული პირების თქმით, მათ ბრალი ოფიციალურად არ ჰქონდათ წაყენებული, თუმცა სოფელ ჭელაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
“ნეტგაზეთი” ერთ-ერთ დაკავებულს, ოთარ მარკოიძეს ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა დაკავებულებთან შედარებით იგი ყველაზე მეტად იყო დაზარალებული. მარკოიძემ მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა.
“დაკავებული, როგორც ასეთი, საქმე არ ყოფილა ჩემზე. ადგილზე [სოფელ ჭელაში] შეხლა-შემოხლის დროს მქონდა დაზიანებები, მაგრამ.. აქ ძალიან წესიერად მომექცნენ. მე ადამიანურად მინდა სიმართლე ვთქვა,”-განაცხადა მარკოიძემ, რომელმაც ჩვენს დამატებით კითხვებს პასუხი აღარ გასცა.
უჩიძის თქმით, სამხარეო სამმართველოს წინ შეკრებლი ადამიანები ყველა დაკავებულის გათავისუფლებასა და მინარეთის დაბრუნებას ითხოვენ. მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი არ დაიშლებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების რაოდენობას ამ დრომდე არკვევს. “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან 19 საათზე განუცხადეს, რომ რამდენიმე პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და დაგვპირდა, რომ დამატებით ინფორმაციას გაარკვევდა.
გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.
მინარეთის დემონტაჟი ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილმა გააპროტესტა. ახალციხეში, სამხარეო ადმინისტაციის შენობასთან ათობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოფელ ჭელაში მეჩეთისთვის მინარეთის მოხსნას აპროტესტებენ და დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.





