„მე რომ მივედი, სპეცნაზიც მაშინ ამოვიდა. თავიდან ვერაფერი გავიგე, თურმე ამას სამი-ოთხი დღეა გეგმავენ.  5 კილომეტრის ინტერვალში ყველა გზა გადაკეტეს. სპეცნაზმმა მინარეთის ნგრევა დაიწყო. ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაიჭირეს, პანღურებს ურტყამდნენ და თან აგინებდნენ. გასროლის ხმაც იყო.

 

20 კაცამდე დაიჭირეს და ახალციხის პოლიციაში გადაიყვანეს. ერთი კაცი სასიკვდილოდ სცემეს, გათიშული შეაგდეს მანქანაში და წაიყვანეს. მეჩეთთან ნახევარ კილომეტრში არავის უშვებდა სპეცნაზი. მამაჩემიც ჩავიდა იქ, ისიც დაიჭირეს და წაიყვანეს. მე ცუდად გავხდი და გული წამივიდა.

 

ჯერ არაფერი არ ვიცი მამაჩემის მდგომარეობის შესახებ. როდის გამოუშვებენ, არის ნაცემი თუ არა. ხაშურისა და ბორჯომის სპეცნაზი იყო ჩამოსული, მარტო ახალციხის კი არა. მეზობლები რაჭველები გვყავს, მინარეთზე დინამიკები იმიტომ არ დაამაგრეს, რომ ისინი არ შეწუხებულიყვნენ.  თვითონ ეკლესიას აშენებენ და ჩვენც ვეხმარებით. კარგი ურთიერთობა გვქონდა ქრისტიანებს და მუსლიმანებს. სოფელში ახლა განხეთქილება გაჩნდა. მეჩეთი სამი-ოთხი წლის წინ აშენდა, მინარეთი კი რამდენიმე თვის წინ დადგეს.“ – ამბობს ნაზი იაკობაძე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *