ახალი ამბები

ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან ათობით მოქალაქეა შეკრებილი

26 აგვისტო, 2013 •
ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან ათობით მოქალაქეა შეკრებილი

თამუნა უჩიძის თქმით, სოფელ ჭელადან დაძრული ხალხი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბა. მისი თქმით, შეკრებილმა ადამიანებმა სამხარეო სამმართველოს შენობაში შესვლა სცადეს. 

 

“ამ დროს გამოჩნდა სპეცრაზმი და მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ადამიანი დააკავა. ამის მერე სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოვიდა მუსლიმების სამი წარმომადგენელი. მასთან ერთად ზურაბ ჩილინგარაშვილი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გამოვიდა. როგორც ჩილინგარაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ მიიღო საბაჟო დეპარტამენტმა,”-განაცხადა თამარ უჩიძემ. 

 

უჩიძის თქმით, ამ დრომდე არ იციან, გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებულებს. ჟურნალისტის თქმით, მოსახლეობა ჩილინგარაშვილს ადანაშაულებს მინარეთის დემონტაჟში, დეპუტატი კი ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია, რადგან ხელისუფლებაში არ იმყოფება. უჩიძის განმარტებით, სოფელ ჭელის მოსახლეობას სპეცრაზმმა სცემა, ხოლო საპატრულო პოლიცია მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თამარ უჩიძემ თვითმხილველებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რადმენიმე ადამიანი მდინარეში ჩააგდეს. 

 

“სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტის, თამარ უჩიძის თქმით, იგი ადიგენის სოფელ ჭელაში მინარეთის მოხსნასა და ადგილობრივების დაკავების ფაქტებს ვერ შეესწრო, რადგან სოფლისკენ მიმავალი გზა დაცვის პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. მისი თქმით, მოძრაობის შეფერხების მიზეზად პოლიცია ავტოავარიას ასახელებდა. თუმცა, ჟურნალისტის თქმით, გადაკეტილი გზიდან ტრაილერმა პოლიციის მანქანების თანხლებით მინარეთი გამოიტანა. რის შემდეგაც გაიხსნა გზა და სოფლამდე მისვლა შეძლეს. 

 

თამარ უჩიძის თქმით, აქციაზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ მხარდამჭერებს აჭარიდან ელიან, თუმცა აჭარიდან მისასვლელი გზები დაზიანებულია, აცხადებენ ადგილობრივები. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ჭელაში რამდენიმე პირის დაკავებას ადატურებს. ქართველ მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, პოლიციამ სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მინარეთის ჩამოსხნის დროს 11 ადამიანი დააკავა და 6 ადამიანია ნაცემი.

 

გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი