ახალი ამბებისამართალი

თურქეთის გარანტიები სერიოზული და ყურადსაღებია ჩვენთვის – სუბარი ჩაბუქის ექსტრადაციაზე

26 იანვარი, 2018 •
თურქეთის გარანტიები სერიოზული და ყურადსაღებია ჩვენთვის – სუბარი ჩაბუქის ექსტრადაციაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექსტრადირება თურქეთში არ არის მისი უწყების ფუნქცია. სუბარის თქმით, ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციაა იმის განხილვა, არის თუ არა ჩაბუქის მიმართ დევნა გაეროს ლტოლვილთა შესახებ კონვენციის მიხედვით.

“ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს არ არის და ამის შესაბამისად სტატუსი არ მივანიჭეთ, თუმცა ეს არ გულისხმობს მის ექსტრადირებას. გადაცემა არის სხვა უწყებების პრეროგატივა და მასზე მსჯელობა დაიწყება მას შემდეგ რაც დამთავრდება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით განხილვები. ყოველ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები,” – აცხადებს სოზარ სუბარი.

2016 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ყველა საერთაშორისო ანგარიში ამბობდა, რომ თურქეთის ციხეებში იყო ძალიან სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის წამების ფაქტებიც, თუმცა, როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, 2016 წლის ბოლოს ეს ანგარიშები შეიცვალა:

“ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც არის გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ინგლისის სახელმწიფო ანგარიში, ამბობდნენ, რომ 2016 წლის ბოლოდან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამ მხრივ ის საგანგაშო ვითარება აღარ არის.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები – Human Rights Watch, Amnesty International გაცილებით უფრო კრიტიკულები არიან, ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს არ ვენდოთ თუნდაც წამების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს. როდესაც თურქეთის სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ თუ მოხდება ჩაბუქის ექსტრადირება, მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას არ დაემუქრება წამება და არავითარი შესატყვისი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის, ასევე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს ექნებათ მისი ნახვის საშუალება, ეს ჩვენთვის არის მყარი გარანტია.”

ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, შესაძლოა გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეში, თუმცა კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით არის გარანტია, რომ ეს პრობლემები არ იარსებებს.

“ეს გარანტია არის ძალიან სერიოზული და ყურადსაღები ჩვენთვის,” – აცხადებს სოზარ სუბარი.

დღეს, 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ. ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

[red_box]ჩაბუქის საქმე – ვრცლად[/red_box]

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, იგი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია აღარ განხორციელდება.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 26 იანვარს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც. ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი