“გზები გადაკეტილია ყველგან. სოფელ ჭელაში შესასვლელი გზებია გადაკეტილი, რაიონში, რეგიონში შესასვლელი გზებია გადაკეტილი, როგორც მე მაცნობეს, რათა არ მოხდეს ხალხის მისვლა, მობილიზება,”- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ.
„მასე თუ ადამიანს გაიმეტებდნენ, ვერ წარმომედგინა. 80 წლის ხალხს წიხლები ურტყეს. 2 კაცი იმიტომ აიყვანეს, რომ შეგვაგინაო“, – აცხადებს ერთ–ერთი მცხოვრები გაზეთ “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ამ წუთებში ასობით ადამიანი ადიგენისკენ მიემართება, ისინი პოლიციასთან აპირებენ მობილიზებას მანამდე, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნეტგაზეთთან” საუბარში სოფელ ჭელაში რამდენიმე პირის დაკავებას ადასტურებს:
“შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობისთვის გაწევისთვის, დანარჩენი დეტალები ზუსტდება”, – განაცხადეს შსს–ში. მათი თქმით, პოლიციის მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების ცემის ფაქტი და პოლიციის ძალადობრივი ქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.





