ნეტგაზეთი | ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იქნება – Netgazeti

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იქნება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დანიშნა.

“ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა, ირაკლი გააგრძელებს და ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა სწორედ ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური. მინდა, მას წარმატება ვუსურვო”,- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ- მინისტრს მადლობა გადაუხადა და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც ბიზნესომბუდსმენის ამპლუაში აქვს:

“ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის. მე შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, მაქსიმალურად ეფექტურად მივიტანოთ ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. პირველ ეტაპზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან. გარდა ამისა, აქტიური მუშაობა  იქნება საკანონმდებლო მიმართულებით”,- განაცხადა ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ლექვინაძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო. ლექვინაძე პროფესიით ეკონომისტია, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი. კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ ლექვინაძე სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com