88 წლის ასაკში ამერიკელი ავტორი ურსულა ლე გუინი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლე გუინი აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდში ცხოვრობდა.
იგი 20-ზე მეტი რომანისა და 100- მეტი მოკლე მოთხრობის ავტორია, რომელთა მილიონობით ეგზემპლარი იყიდება მსოფლიოს მასშტაბით.
BBC-ის ცნობით, ურსულა ლე გუინი ფენტეზის ჟანრის მწერალია, რომელიც დრაკონებზე და ჯადოქრებზე წერს, თუმცა მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია ყოფიერებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა რასიზმი, გენდერული უთანასწორობა და კლასობრივი ჩაგვრა.
თავისი კარიერის მანძილზე ლე გუინმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ნებულასა და ჰუგოს სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჯილდოები. მან ასევე მიიღი ამერიკული საბავშვო ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები- ნიუბერისა და ეროვნული წიგნის ფონდის მედლები.
2000 წელს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკამ კი ცოცხალ ლეგენდად დაასახელა ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის საკითხში შეტანილი წვლილისთვის.
ლე გუინის შემოქმედება ქართულენოვანი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია. გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” ლე გუინის ზღვამიწეთის ციკლის ორი წიგნი “ზღვამიწეთის ჯადოქარი” და “ატუანის აკლდამები”და “ჰაინის” ციკლის პირველი წიგნი“წყვდიადის მარცხენა ხელი”თარგმნა. 2018 წელს ლე გუინის ავტორობით ორი წიგნის თარგმნა აქვს გამომცემლობას დაგეგმილი:
“ლე გუინი იყო ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც დაარსების დღიდან გამოვეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ავტორი, რომელიც 60 -იან წლებში, მას შემდეგ, რაც ტოლკინმა შექმნა ჟანრი, პირველი იყო, ვინც გაბედა და არ შეუშინდა ამ ჟანრში წერას და უფრო პოპულარული გახადა ფართო მასებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი უწოდებს “ჟანრის დედას”. ეს არის ავტორი, რომელიც არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკას წერდა, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკით და ფენტეზით ნიღბავდა ისეთ დიდ პრობლემებს, რომლებიც სოციოლოგიას, ანთროპოლოგიას უკავშირდება, და ყველაზე მეტად ფემინიზმს, რომელიც ყველა მის ნაწერში გვხვდება”. – ამბობს გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” მფლობელი ირაკლი ბაკურიძე.
ურსულა ლე გუინი 1929 წლის 21 ოქტომბერს კალიფორნიაში, ბერკლიში დაიბადა. მან განათლება რადლიფის კოლეჯსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. 1953 წელს კი ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი გახდა.
მისი პირველი რომანი “როკანონის სამყარო” 1966 წელს გამოიცა.
იგი ისტორისკოს ჩარლზ ლე გუინზე დაქორწინდა და წყვილს 3 შვილი ჰყავთ.