ახალი ამბები

ივანიშვილთან სიტყვიერი შეთანხმებით, იპოდრომის ნაწილი მუნიციპალიტეტს გადაეცემა – ბითაძე

24 იანვარი, 2018 • 3799
ივანიშვილთან სიტყვიერი შეთანხმებით, იპოდრომის ნაწილი მუნიციპალიტეტს გადაეცემა – ბითაძე

თბილისის მერიაში დღეს გამართულ სხდომას დედაქალაქის საკრებულოდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც დაესწრნენ.  თავდაპირველად სხდომაზე მათ არ უშვებდნენ, თუმცა შემდეგ დედაქალაქის მერი დათანხმდა ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კახა კალაესთან კითხვა ჰქონდათ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელ ესტაკადის პროექტთან დაკავშირებით, რომლის აშენებაზეც დავით ნარმანიამ თქვა უარი, თუმცა გასულ კვირას კვლავ გამოცხადდა ტენდერი.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, მას აინტერესებდა ამჟამად ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული იპოდრომის ბედი, რომლის ტერიტორიის ნაწილიც ხვდება ესტაკადის პროექტში. მისი თქმით, თბილისის მერისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ესტაკადის პროექტში არანაირი ცვლილება განხორციელებულა. შესაბამისად, იმ ხეების მოჭრა მაინც მოუწევს მერიას, ხოლო იპოდრომის ბედი კვლავ გაურკვეველია.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ცუდი იყო, როდესაც არ გვაძლევდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს ამ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობას, სანამ არ “ვიხმაურეთ”. შემდეგ მოგვეცა საშუალება დასწრების და კონკრეტული კონსტრუქციული კითხვები გვქონდა იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით. ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტზე გამოცხადდა ტენდერი იგივენაირად, რაც იყო ნარმანიას დროს. ყოფილი მერის დროს შეჩერდა ეს პროექტი კონკრეტული მიზეზების გამო, მაგალითად, იმის გამო, რომ ტერიტორიას ჰყავდა კერძო მფლობელი და უნდა მომხდარიყო ხეების მოჭრა. ახლა მფლობელიც იგივეა და ხეების გადარგვაზეც არაფერი წერია პროექტში,” – ამბობს ხაბეიშვილი.

ენმ-ის წევრებს აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა თბილისის მერიას მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით ან დაუბრუნა თუ არა თბილისის მოსახლეობას იპოდრომი ყოფილმა პრემიერმა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ მოითხოვეს იურიდიულად დამადასტურებელ დოკუმენტი, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

“ისინი ამბობენ მხოლოდ, რომ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება აქვთ და აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ კერძო მფლობელი თანახმაა, აშენდეს გზა ან ადგილმონაცვლეობაზეა თანახმა, ან პროექტია შეცვლილი – მსგავსი არაფერი ხდება. როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვიერ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამიტომ, როგორც საკრებულოს წევრებს და თბილისელებს, გვაინტერესებს, იპოდრომის ბედი. მარტივი კითხვა გვქონდა: რა ბედი ელის იპოდრომს? – ამაზე ვერ მივიღეთ პასუხი, სამწუხაროდ,” – განუცხადა ნეტგაზეთს ლევან ხაბეიშვილმა.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, კერძო მფლობელთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც ესტაკადა უნდა აშენდეს, თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, ბუნებრივია, ადგილმონაცვლეობა განიხილება, თუმცა წინასწარ უკვე შეთანხმება გვაქვს, რომ იპოდრომის იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე გზა არსებობს, თბილისის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, რადგან თავისი შინაარსით ეს არის საჯარო ტერიტორია,” – ამბობს მაია ბითაძე.

თბილისის მერის მოადგილემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, გადარგონ და გადაარჩინონ ხეების დიდი ნაწილი:

“მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოხდეს ხეების გადარგვა, თუმცა ხეები ხნოვანებისაა და მათი ხარისხის/მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა რიგ შემთხვევაში არ დაექვემდებაროს გადარგვას. რიგ შემთხვევაში ფესვები შესაძლოა 10 მეტრზეც იყოს გასული. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხეების დიდი ოდენობა გადარჩეს.”

მაია ბითაძის თქმით, თბილისელებს მერია ჰპირდება, რომ იმავე ადგილას მოწყობილი ინფრასტრუქტურით ჩააბარებს უკვე დარგული ხეებით.

მოკლედ:

თბილისის მერიამ გასულ კვირას ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის ასაშენებლად 2 901 669 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი შპს სქგზამეცნიერებამ 2015 წელს შეიმუშავა, თუმცა 2017 წლის ივნისში დავით ნარმანიამ დაიწუნა. როგორც მაშინ თბილისის ყოფილმა მერმა განაცხადა, ერთადერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ესტაკადის მშენებლობის შემთხვევაში 87 ხე-მცენარე განადრურდებოდა. ნარმიანია აცხადებდა, რომ პროექტის შეჩერებას კერძო საკუთრებასთან კავშირი არ ჰქონდა.

დავით ნარმანიას მერობის დროს ტენდერი კომპანია “ზიმომ” მოიგო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. თბილისის მერიამ ამ კომპანიას ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ესტაკადის ასაშენებლად 1 მილიონი ლარი მშენებლობის დაწყებამდე თითქმის ერთი წლით ადრე გადაურიცხა, ხოლო შემდეგ უკან დაბრუნება მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი