ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ თანამშრომელს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა, ილო ლეჟავამ განუცხადა.
“ერთ-ერთ დაშავებულ მუშას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას კიდურების მოტეხილობაზე გაუკეთდა ოპერაცია და მალე პალატაში გადაიყვანენ. ორი მუშა კი სახლში გაწერეს და იქ აგრძელებენ მკურნალობას,” – განუცხადა ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრმა ილო ლეჟავამ.
22 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დასაქმებული დაშავდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით ატარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.