ნეტგაზეთი | სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – Netgazeti

სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგანაშვილს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვაში ედებოდა. ის 2017 წლის 29 იანვარს დააკავეს, როდესაც დასავლეთ საქართველოდან თბილისში ბრუნდებოდა.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, გიორგანაშვილმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება ‘’ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი)  შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გიორგი გიორგანაშვილის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა:

“სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი” – ვკითხულობთ განცხადებაში.

გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

დაკავების დროს გიორგი გიორგანაშვილი საუბრობდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც. დღეს, 23 იანვარს, თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყება მგამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.