ახალი ამბები

თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა

23 იანვარი, 2018 • 2130
თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა

თბილისში ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა, რის გამოც ჯგუფი დროებთ დაიხურა და 28 აღსაზრდელს გამოკვლევები უტარდება – ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პედაგოგს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა დაუდგინეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, იგი შეუდგა მკურნალობას, საბედნიეროდ, ეს არის ე.წ. სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზი, ანუ ექვემდებარება პირველი რიგის ანტიბიოტიკებით მკურალობას და გვაქვს იმედი, რომ მას ძალიან მალე გავაჯანსაღებთ,”- განაცხადა ზაზა ავალიანმა.

მისივე განცხადებით, გამოკვლევა უტარდებათ ბავშვებსაც და სხვა ექვს პედაგოგსაც:

“ბაღების სააგენტოსთან და დაავედების კონტროლის ცენტრთან ერთად ვაწარმოებთ ე.წ. რისკ-ჯგუფის კვლევას. 28 ბავშვი იყო მის ჯგუფში, აქედან ნახევარი უკვე გამოკვლეულია, პირველადი შედეგი იქნება უკვე პარასკევისთვის. აქედან გამოვიკვლიეთ ექვსი პედაგოგი, რომელსა, შესაძლოა გადასდებოდა ეს დაავადება. ასე რომ, ყველა ზომა იქნა მიღებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,”- ამბობს ზაზა ავალიანი.

მანვე დასძინა, რომ კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და, შესაბამისად, სახელმწიფო აფინანსებს.

ზაზა ავალიანი ასევე განმარტავს, თუ რა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ სპეციალიზებულ დაწესებულებებს:

“წონაში კლება, უმადობა, ზოგადი სისუსტე, ხველა ორ კვირაზე მეტხანს თუ გრძელდება, ოფლიანობა შეიძლება იყოს თანდართული და საღამოს ტემპერატურული რეაქციები, რომელიც 37 გრადუსს აღემატება. ამ მარტივი ნიშნების შემჩნევისთანავე- პედაგოგი იქნება ეს, მშობელი, თუ საზოგადოების რიგითი წევრი- ვალდებულია გაიაროს ეს აუცილებელი კვლევები, რითაც დადასტურდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ტატუსი, რომ ეს არ გახდეს პრობლემა. ტუბერკულოზი განკურნებადია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც დროულად დგინდება დიაგნოზი და ინიშნება ეფექტური და სწორი სამკურნალო სქემა,”- განაცხადა მან.

როგორც მან განგვიცხადა, დღეს სავალდებულოა, რომ ყველა აღმზრდელი წელიწადში ერთხელ ტუბერკულოზზე შემოწმდეს. მისივე თქმით, ეს აღმზრდელი სამსახურში ახლად მიღებული იყო და თავად ბაღმა გადაამისამართა ცენტრში გამოსაკვლევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი