ახალი ამბებიკინოხელოვნება

‘წყლების მაღაზია” – შტეფან ტოლცის ახალი ფილმი 2019 წელს გამოვა

25 იანვარი, 2018 • 6563
‘წყლების მაღაზია” – შტეფან ტოლცის ახალი ფილმი 2019 წელს გამოვა

შტეფან ტოლცი, ქართველ-გერმანელი რეჟისორი, ახალ ფილმს იღებს ჯადოსნური წყლების მაღაზიისა და ბედნიერების მაძიებელ ადამიანთა შესახებ.

თუკი შტეფან ტოლცი თავის დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით “სრული სვლით დასავლეთისკენ” ლაჟვარდისფერი ვოლგით აკვირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და პოლიტიკურ ბრძოლას სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, მხატვრული ფილმის პროექტში გვევლინება ჯადოსნური წყლების კინოზღაპრის შემქმნელად.

მომავალი ფილმის სიუჟეტის ინსპირაცია მიტროფანე ლაღიძის ცხოვრებაა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და შექმნა “ლაღიძის წყლები” – ხილის წვენზე დამზადებული ლიმონათი.

მიტროფანე ლაღიძის ისტორია შტეფან ტოლცმა დეტალურად შეისწავლა დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას.

გერმანულ-ფრანგული არხის, “არტესა” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებული ფილმისთვის 6 თვეა რაც მუშაობს, თუმცა ზუსტად არ იცის, როდის დაასრულებს მუშაობას.

“ზუსტად ამის გამო ძალიან მიყვარს დოკუმენტური კინო, რადგან არ იცი, როგორ მთავრდება ფილმი. შენ იდეები გაქვს, მაგრამ შეიძლება მოხდეს რამე, რომ სხვა მიმართულებით წახვიდე. მხატვრულ კინოში სცენარი უნდა იყოს ძალიან კარგად მოფიქრებული, მთელი მუშაობა ამ სტრუქტურაზე მიდის სცენარის დროს”, – ამბობს შტეფან ტოლცი.

“ლაღიძის წყლებს”, რომელიც თბილისის ერთგვარი სიმბოლო იყო და რომლის აღდგენაზე საქართველოს პრემიერ-მინიტრმაც ისაუბრა, შტეფან ტოლცი 1990–იან წლებში, თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლის დროს ხშირად სტუმრობდა.

“ვიცი, ლაღიძის მაღაზია რას ნიშნავდა”, – გვეუბნება შტეფან ტოლცი.

იმის მიუხედავად, რომ მომავალი ფილმის ინსპირაცია ლაღიძის ისტორია და მისი მაღაზია გახდა, სიუჟეტი სცდება ერთი კონკრეტული ოჯახის ისტორიას, რადგან სიუჟეტში ერთმანეთზე გადაჯაჭვულია სცენარისტის ფანტაზია და ისტორიული მოვლენები.

“მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ფილმი არ არის მიტროფანე ლაღიძის ისტორიაზე. ეს არ არის ლაღიძის ოჯახის ისტორია,” – გვითხრა შტეფან ტოლცმა ინტერვიუს დასაწყისშივე.

ფილმის სცენარზე ტოლცთან ერთად იმუშავეს სცენარისტმა ირაკლი სოლომონაშვილმა, ისტორისკომა ლაშა ბაქრაძემ და მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა.

მომავალ ფილმში მოქმედება 1930-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე ვითარდება. მთავარი გმირი ლუკაა, პატარა ბავშვი, რომელიც მამის მაღაზიაში იზრდება.

პროექტის მიხედვით, რომელზეც ტოლცი ჯერ კიდევ მუშაობს, მაღაზია ძველი თბილისის შენობაში იქნება, სადაც მფლობელების სახლი და ლაბორატორიაა განთავსებული. ლაბორატორია ის ადგილია, სადაც ჯადოსნურ წყლებს ამზადებენ.

ტოლცს სურს, რომ ეს ფილმი თბილისის სავიზიტო ბარათი გახდეს.

“ისინი არ დადიან ძველ ქალაქში, არ დადიან მდინარესთან. მთელი ფილმის მოქმედება ვითარდება მაღაზიაში, მაგრამ თბილისური ატმოსფერო იგრძნობა”, – ამბობს ტოლცი.

საინტერესოა, როგორ დაუკავშირდება ჯადოსნური წყლები ისტორიულ მოვლენებს? შტეფან ტოლცის პასუხია, რომ ყველა ისტორიული მოვლენა ამ ჯადოსნური წყლების საშუალებით ხორციელდება.

ადამიანები აქ მოდიან სურვილების შესასრულებლად, პატარა ლუკას სურს, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ ამ წყლის დახმარებით, ის არ ფიქრობს, რომ წყლების მაღაზიას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, თუმცა ასე არაა.

უფრო მეტიც, იური გაგარინის კოსმოსში გაფრენა, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვება, ესეც ჯადოსნური წყლების დამსახურებაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეუკვეთა მაღაზიის მფლობელებს.

მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, ლუკას არ სურს გაჰყვეს ოჯახის ტრადიციას. მას ჩაკეტილი სივრცის დატოვება სურს, რომელიც საბჭოთა კავშირის ანალოგიაა.

ლუკას გაუცხოებით იმ გარემოსადმი, სადაც ყველა ბედნიერებას ეძებს, იბადება კონფლიქტი, რაც კითხვას ბადებს, რა არის ბედნიერება, ან რატომ ეძებენ ადამიანები ბედნიერებას?

თუ რა გზას აირჩევს მთავარი გმირი და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ფილმის დასრულების შემდეგ ვნახავთ.

შტეფან ტოლცმა უკვე  მოიპოვა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანადაფინანსება 360 000 ლარის ოდენობით, მან მოიპოვა ფრანგულ-გერმანული არხის, “არტეს” დაფინანსება მხატვრული ფილმის გადასაღებად.

ტოლცი ამბობს, რომ გადაღებები 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს, 2019 წელს კი ფილმი მზად იქნება. მანამდე კი პოსტპროდუქციისთვის დაფინანსება უნდა მოიპოვოს პოტენციურ სპონსორებთან ევროპაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი