ახალი ამბები

ნარმანიას მიერ 87 ხის გადარჩენის მოტივით დაწუნებულ ესტაკადას კალაძე ააშენებს

22 იანვარი, 2018 • 2930
ნარმანიას მიერ 87 ხის გადარჩენის მოტივით დაწუნებულ ესტაკადას კალაძე ააშენებს

თბილისის მერიამ გასულ კვირას ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის ასაშენებლად 2 901 669 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი შპს სქგზამეცნიერებამ 2015 წელს შეიმუშავა, თუმცა 2017 წლის ივნისში დავით ნარმანიამ ის დაიწუნა. როგორც მაშინ თბილისის ყოფილმა მერმა განაცხადა, ერთადერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ესტაკადის მშენებლობის შემთხვევაში 87 ხე-მცენარე განადრურდებოდა.

დავით ნარმანიას თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ ქალაქის ცენტრში 87 ხე-მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვებოდა.

“სამუშაოების დაწყებამდე დაგეგმილი იყო ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრაც და გადარგვაც, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გადარგვის შედეგად დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა გახმებოდა. უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მოგვეჭრა 87 ხე- მცენარე და აგვეშენებინა ესტაკადა, თუ შეგვენარჩუნებინა არსებული ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმოსთვის“ ავანსად გადარიცხული იყო მილიონი ლარი, მაგრამ ეს იყო გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიით, პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება, ხეების შენარჩუნების მიზნით, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო,” – განაცხადა 2017 წლის 14 ივნისს დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ პროექტის შეჩერებას კავშირი არ აქვს კერძო საკუთრებასთან.

დავით ნარმანიას მერობის დროს ტენდერი კომპანია “ზიმომ” მოიგო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. თბილისის მერიამ ამ კომპანიას ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ესტაკადის ასაშენებლად 1 მილიონი ლარი მშენებლობის დაწყებამდე თითქმის ერთი წლით ადრე გადაურიცხა, ხოლო შემდეგ უკან დაბრუნება მოსთხოვა.

ახალი ტენდერის გამოცხადებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა ჯერჯერობით არცერთ კომპანიას გამოუხატავს ინტერესი ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობაზე.

კახა კალაძის გუნდს ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნებში მითითებული აქვს, რომ შემსყიდველის (მერიის) მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი (ტენდერში გამარჯვებული კომპანია) ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან, მათი კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველი შესაბამისი საკითხ(ებ)ის შეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი