იუსტიციის სახლში “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია” იუსტიციის მინისიტრის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, პირველად შეიკრიბა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესში წარმოშობილ პრობლემურ საკითხებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
“ჩვენ განვიხილეთ პარტიებიდან შემოსული წერილები და, პირველ რიგში, ნაცინალური მოძრაობიდან შემოსული ის 7 წერილი, რომლებიც აღწერს სავარაუდო დარღვევებს. გამოვლინდა, რომ რამდენიმე მათგანი არის დასაზუსტებელი, განაცხადა წულუკიანმა და განმარტა, რომ ამ წერილებში მოხმობილი ფაქტების დასაზუსტებლად ბრძანებები გაიცა.
იუსიტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც უწყებათაშორისი კომისიას თავმჯდომარეობდა, განახადა, რომ პირველ სხდომაზე რეკომენდაციები არ გაიცა, თუმცა მომავალ სხდომაზე რეკომენდაციების პროექტები ექნებათ.
წულუკიანის თქმით, გამგებლებსა და რწმუნებულებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება კანონის მიხედვით აქვთ, ხოლო კომისიის კომპეტენციაში მხოლოდ რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცემა შედის.
“ჩვენი კომისიის უფლებამოსილება არ არის კანონის შეცვლა. ჩვენი უფლებამოსილებაა, არსებული კანონის ფარგლებში უზრუნველვყოთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აღმოფხვრა,”- განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, იგი ხელ შეუწყობს იმას, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა იყოს უფრო გამჭვირვალე და კომისიის სხდომებზე იყოს “რეალური დებატები.”
გიორგი ტუღუშის, საქართველოს “დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენლის თქმით, მან ორი საკითხი დააყენა- გურიის მოამბეზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები და წინასაარჩევნო კამპანიების დროს გამოვლენილი ძალადობის, ასლარიანი ჯარიმებისა და არაადეკვატური რეაგირების საკითხები.
“საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით ყველაზე აქტიურ ფაზაში ნამდვილად არ არის შესული და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს ზომები არა მარტო იმისთვის, რომ მოახდინოს რეაგირება, არამედ გარკვეულ პრევენციასაც უნდა ჰქონდეს ადგილი. აქ დგება არაადეკვატური რეაგირების საკითხი,”-განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის თქმით, მის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მომავალ სხდომაზე იმსჯელებენ. კომისიის თავჯდომარემ დააყენა საკითხი, რომ კომისიამ რამე უნდა იღონოს ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის.
გიორგი ტუღუშის თქმით, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ფონდი “ქართუს” საქმიანობას და სხვადასხვა შეღავათიანი კრედიტების გაცემას შეეხო.
“თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფონდი “ქართუ” დაკავშირებულია როგორც პრემიერ მინისტრთან, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრთან, რადგან ისინი აპელირდებიან ამ ფონდთან. იყო საუბარი ბეჭდის ჩუქებასთან დაკავშირებით. ამაზეც კომისიის თავმჯდომარემ გასცა პასუხი- ეს სხვისი ნაჩუქარი ბეჭედი იყო, უბრალოდ, პრემიერმა გაუკეთაო. თუმცა ეს პასუხი ამომწურავი არ ყოფილა,”- განაცხადა ტუღუშმა.
ლევან ნატროშვილის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლის თქმით, პრემიერის მიერ გუნდალაძეების ოჯახისთვის “შუამთობა 2013”-ის აღნიშვნის დროს ბეჭდის ჩუქების საკითხში, მთავარი არის, თუ როგორ აღიქვა საზოგადოებამ ეს ფაქტი. მისი თქმით, აქ ჩანდა, რომ პრემიერი ჩუქნიდა ამ ბეჭედს.
“რამდენადაა მოსყიდვა, ცოტა საკამათო თემაა, თუმცა განმარტება, რომ სხვისი იყო, არ არის საკმარისი. იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის როგორ აღიქმება, ამას აქვს მნიშვნელობა. ნახევარმა საქართველომ ნახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭედი გაუკეთა ხელზე და ვისი ნაყიდი იყო, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. მოსახლეობაში აღიქმება, რომ ეს ბეჭედი იყო ნაჩუქარი,”- განაცხადა ნატროშვილმა.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, მან კომისიის სხდომაზე ადმინისტრაციული ხარჯების არამიზნობრივად გამოყენებასა და არაპოლიტიკური თაბამდებობის პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე ისაუბრა.
“ნაცმოძრაობამ დააკანონა, რომ გამგებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს არის კატასტროფული დარღვევა. გამგებელი არ არის პოლიტიკური ფიგურა. იგი არის ჩინოვნიკი და მას არ აქვს კანდიდატთან ერთად სიარულისა და მათთვის მუშაობის უფლება. დღეს ქართული ოცნება ამას არ ცვლის. დღეს გამგებლები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ,”-განაცხადა ახვლედიანმა
ახვლედიანის თქმით, სწორედ გამგებლებისა და რწმუნებულების მეშვეობით ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სოფლის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხების საშუალებით.
“მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სოფლის განვითარების პროექტის 50 მილიონი ლარია, რომელიც უნდა დახარჯულიყო სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გასაკეთებლად მაის-ივნისში. არ დაიხარჯა ეს თანხა, აგერ, აგვისტოს ბოლოს იწყებენ ამ ფულის ხარჯვას. ანუ, სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დააგონ გზები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება,”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ჩიორა თაქთაქიშვილის, “ნაციონალური მოძროაბის” წარმომადგენლის თქმით, პარტიამ კომისიას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“იმ ფონზე, როდესაც ხდება ძალადობები, დაშინებები, გათავისულებები, არ ეძლევა ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო კამპანიების ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობა. ამ პირობებში, ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ, რომ ორის მაგივრად ერთი წევრით ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი. უწყებათაშორისმა კომისიამ თავი უნდა დაანებოს ცინიკურ გამონათქვამებს, რასაც ადგილი ჰქონდა ამ შეხვედრაზე. ამის ნაცვლად უნდა მიიღოს მკაცრი რეკომენდაციები, რომ აღიკვეთოს ძალადობა,”- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
თაქთაქიშვილის თქმით, იგი მოელის, რომ უწყებათაშორისი კომისია მიიღებს რეკომენდაციას, რომ ასლარიანი ჯარიმები წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი ფიზიკური ძალადობის დასასჯელად არ არის საკმარისი. მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას წერილობითი წინადადებებით მიმართა და იმედი აქვს, რომ კომისია ამ წერილებს განიხილავს.
8 აგვისტოს შემდეგ უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა და წულუკიანის ბრძანებით კომისიის წევრთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. კომისიას დაემატა სასჯელარასრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა და თავდაცვის სამინისტროების წამრომადგნელები.
დღევანდელ სხდომას მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი შოთა რეხვიაშვილი, ქართული ოცნებიდან ირინა იმერლიშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან- ჩიორა თაქთაქიშვილი და თინა ბოკუჩავა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან გიორგი ახვლედიანი, “საქართველოს გზიდან” თეიმურაზ მურვანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩვენების” თავმჯდომარე ნინო ლომჯარია, “საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი, “საქართველოს დემოკრატული ინციატივის” წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ესწრებოდნენ.








