სამაშველო ღონისძიებები შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა და ახალციხის სამაშველო სამსახურის მაშველებმა განახორციელეს.
შსს-ს განცხადებით, ოთხი ქართველი და ერთი გერმანელი მოქალაქე 16 აგვისტოს ახალციხის რაიონის სოფ. წინაუბნიდან ბორჯომ-ხარაგაულის პარკის და იქ მდებარე ე.წ. „სტამბოლის მთის“ მოსანახულებლად წავიდნენ. უკან დაბრუნებისას ტყეში დააღამდათ და გზის გაკვლევა ვეღარ შეძლეს.
“დაკარგულთა ოჯახის წევრები იმავე ღამეს დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და დახმარება ითხოვეს. ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს დაკარგული მოლაშქრეების საძიებო სამუშაოები და გამთენიისას ხუთივე მათგანს ე.წ. „ნახანძრალის“ ტერიტორიაზე მიაკვლიეს,”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, მოლაშქრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ.





