
კალმახელიძე გამოძიებამ მოწმის სტატუსით 16 აგვისტოს, საღამოს დაკითხა.
“გამოძიების გარეშე ცალმხრივად, სუბიექტურად გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია, ამიტომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოველთვის გვერდში უდგას, უნდა ედგას ამ კუთხით პროკურატურა. პროკურატურამ ყოველთვის უნდა გამოიძიოს განცხადებები, რომლებიც შემოდის, საჩივრები თუ სახალხო დამცველის ანგარიში. ეს არის წინა პირობა იმისა, რომ არასოდეს არ დაირღვეს ადამიანის უფლებები სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ეხება ალბათ ყველაფერ იმას, რაც არის დაკავშირებული არასათანადო მოპყრობასთან და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ გარკვეული კადრები, რომლებიც იყო შემზარავი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მე ძალიან გული დამწყვიტა ამ ყველაფერმა, მე ეს უაღრესად განვიცადე. შესაბამისად, დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აინტერესებს ეს გამოძიება, პირველ რიგში, ეს ვარ მე”, – განაცხადა კალმახელიძემ დაკითხვის შემდეგ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, კალმახელიძის გარდა გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და რომელსაც გამოძიება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაკითხავს.
ამავე საქმეზე, უახლოეს დღეებში, მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია- განცხადა პროკურატურამ 16 აგვისტოს.
