“ვფიქრობ, ყველა, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, გამარჯვებას ელოდა. თუ ადამიანი არ ელოდები გამარჯვებას, ბუნებრივია, არჩევნებში არ მონაწილეობ. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასეთ დიდ უპირატესობას მომცემდა აკადემიური საბჭო. ძალიან დიდი ნდობაა გამოცხადებული ჩემ მიმართ,”- განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში ბევრი ამოცანაა შესასრულებელი, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
“მთავარია ის, რომ უნივერსიტეტი გახდეს საერთაშორისო დონის, დაიბრუნოს მან თავისი ღირსეული სახელი. რაც შეეხება კონკურსების საკითხს, ამასთან დაკავშირებით რექტორის კომპეტენცია შეზღუდულია, კანონი ითვალისწინებს, რომ ყველამ თავისი საკონკურსო ვადა უნდა დაასრულოს. როცა ისინი დასრულდება გამოცხადდება ახალი კონკურსები, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველას, როგორც მოქმედ პროფესორებს, ასევე ყველა იმათ, ვინც არ არის დღეს მოქმედი პროფესორი, და აქვს უნარი და სურვილი უნივერსიტეტს დაუბრუნდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამ კონკურსების სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
ძალიან ბევრი რამეა უნივერსიტეტში შესაცვლელი, პირველ რიგში ის, რომ უნივერსიტეტმა უნდა მისცეს ადეკვატური ცოდნა საერთაშორისო დონის და ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ასევე, ის, რომ უნივერსიტეტში გაძლიერდეს სამეცნიერო კვლევა, და სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო კვლევაში.”
პაპავამ უნივერსიტეტის პროფესორების ანაზღაურებაზე და სტუდენტებზეც ისაუბრა:
“უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის რაციონალურად გამოსაყენებელი, ისე, რომ ყველა პროფესორს ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. გარდა ამისა, დამატებით მოსაძიებელია სახსრები, რაც პროფესორებს დამატებით მისცემს შემოსავალს.”
ახალი რექტორის განმარტებითვე, ის სტუდენტებთან აქტიურ მუშაობას აპირებს და გეგმავს, როომ მათთან შესახვედრად სპეციალური დრო გამოყოს.
დღეს თსუ-ის რექტორობის არჩევნებში ლადო პაპავამ 10 ხმით გაიმარჯვა. დანარჩენი 2 ხმა ირმა რატიანმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ყოფილ რექტორ სანდრო კვიტაშვილს, თუმცა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ პირველი მილოცვა უნივერსიტეტიდან სწორედ მისგან მიიღო.

რექტორობა სულ 14 კანდიდატს სურდა, მათგან ერთმა, მარინე ჩიტაშვილმა თავისი კანდიდატურა გუშინ მოხსნა, ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავს.
ფარული კენჭისყრის არჩევანი აკადემიური საბჭოს 13 წევრს უნდა გაეკეთებინა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ყოფილი რექტორი სანდრო კვიტაშვილი არჩევნებზე არ მივიდა.
უნივერსიტეტში არჩევნების პარალელურად შენობის წინ 20-მდე სტუდენტის აქცია მიმდინარეობდა. “არა პოლიტიზებულ აკადემიურ საბჭოს”, “თავისუფლება უნივერსიტეტს”, “არა პარტიულ გავლენებს”, “აკადემიური საბჭოს წევრებო, თქვენ ანაგარიშვალდებულნი და პასუხისმგელნი ხართ ჩვენი, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე”, – ეს იყო სტუდენტების ლოზუნგები. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ კმაყოფილება გამოხატეს გამარჯვებული კანდიდატის გამო და განაცხადეს, რომ ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც მხარს უჭერდნენ.
საარჩევნო კომისიის 9 წევრიდან – 7 თსუ-ს თანამშრომელი იყო, ხოლო 2 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები“) წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
ლადო პაპავა იყო საქართველო ეკონომიკის მინისტრი 1994-2000 წლებში. მას აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი რეზიუმე სრულიად შეგიძლიათ იხილოთ აქ.




