ახალი ამბები

“ბასიანზე” დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სააპელაციო 17 იანვარს იმსჯელებს

16 იანვარი, 2018 • 2687
“ბასიანზე” დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სააპელაციო 17 იანვარს იმსჯელებს

13 იანვარს კლუბ “ბასიანზე” სამი პირის, მათ შორის, ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სააპელაციო სასამართლო, ხვალ, 17 იანვარს, 12 საათზე იმსჯელებს.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიაწოდეს.

პირი, ვისაც 13 იანვარს კლუბ “ბასიანზე” სამი პირის დაჭრა ედება ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა  და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

დაჭრაში ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია.

“ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შსს არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული,”- აცხადებს შსს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა კლუბში მყოფი ადამიანები, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილ სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. მისივე თქმით. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი