ახალი ამბები

ხარატიშვილი: ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტი და პრემიერი ინფორმირებული იყვნენ

15 აგვისტო, 2013 •
ხარატიშვილი: ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტი და პრემიერი ინფორმირებული იყვნენ

ზურაბ ხარატიშვილი
ზურაბ ხარატიშვილი

“პოლიტიკაში წასვლაზე ერთი და ორი დღის განმავლობაში არ მიფიქრია, თვენახევრის წინ მე შევხდი საქართველოს პრეზიდენტსაც, პრემიერ-მინისტრსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც, სხვა პირებსაც- პოლიტიკურ ლიდერებს, როდესაც მე ეს ჩემი სურვილი წასვლის შესახებ მათ გავაცანი, და ალბათ იმის თქმა, რომ ეს მოულოდნელობა იყო, სწორი არ იქნება, იმიტომ, რომ მათთვის ეს საკითხი ცნობილი იყო”, – განაცხადა  ზურაბ ხარატიშვილმა 15 აგვისტოს.

 

ხარატიშვილის თქმით, მისი გადადგომით პრობლემა არ ექნება საარჩევნო ადმინისტრაციას, პრობლემა შეიძლება შეექმნათ წამყვან პოლიტიკურ ძალებს, რაც   ცესკოს თავმჯდომარის ახალ კანდიდატურაზე შეთანხმებული არჩევანის გაკეთების სირთულეში გამოიხატება.

 

ხარატიშვილის განმარტებით, ეს სირთულე არის მიზეზი იმ ნეგატიური განცხადებებისა, რომელიც ამ ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან გაკეთდა გასული დღეების განმავლობაში.

 

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია ზეწოლას არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის მხრიდან. დღეს გამართული პრესკონფერენციის დაწყებისთანავე მან ორივეს საგანგებოდ გადაუხადა მადლობა.

 

“წავიდა და წავიდეს, მაგათი გუნდის წევრია, კიდევ რაღაც ინტრიგა ააგორეს, ვერაფერს ვეღარ იზამენ, არაფერი მოხდება. ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გაყვნენ, ვისაც სურვილი აქვს. ცუდ დროს წავიდა, არასწორ დროს წავიდა. პოლიტიკურად კიდევ რაღაც ინტრიგა ჩააგდეს, მაგათ აღარავითარი თამაში აღარ აქვთ. 3 თვის წინ შევხვდი, მეორედაც შევხვდი, ყველაფერი თითქოს დარეგულირებული იყო, ნუ, გასაგებია… საქართველოს ვეღარავინ ააღელვებს, ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 12 აგვისტოს, როცა გავრცელდა ინფორმაცია ხარატიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 

 

15 აგვისტოს ზურაბ ხარატიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა პოლიტიკოსის რანგში და პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი