ახალი ამბები

შსს აღიარებს, რომ 2014 წელს გიორგი კლდიაშვილზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს

15 იანვარი, 2018 • 2256
შსს აღიარებს, რომ 2014 წელს გიორგი კლდიაშვილზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს

შსს აცხადებს, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს ორგანიზაცია IDFI-ის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დაკავების შესახებ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავდა. ამ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო.

დღეს, 2018 წლის 15 იანვარს, გამოქვეყნებულ განცხადებაში შსს მიუთითებს, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოებები იყო არასწორი:

“გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია არასწორი ფაქტობრივი გარემოებები: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“. აღნიშნული გამონათქვამი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც გიორგი კლდიაშვილს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „გიორგი კლდიაშვილმა ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“ და რომ “მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“. იარაღი მართლაც გიორგი კლდიაშვილის საკუთრება იყო, სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის დამადასტურებელი მოწმობა და გიორგი კლდიაშვილს სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ თავად ჰქონდა ამ იარაღის ტარების უფლება. შესაბამისად, გიორგი კლდიაშვილის მხრიდან სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ასევე არაზუსტია განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა,”- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გიორგი კლდიაშვილი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებაში ორივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, შსს-სგან ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. მოთხოვნიდან 2 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც შსს-მ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უარყოფილი იყო თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია.

“2015 წლის 05 ივნისს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მოცემული განცხადება, რათა აღმოიფხვრას ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც დაშვებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადებაში,”- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებას გიორგი კლდიაშვილი გამოეხმაურა. მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აღიარება სამინისტროს მხრიდან ღირსეული საქციელია.

“ასეთი საქციელი მაიმედებს, რომ ცვლილებები შეიძლება და ამ სამინისტროში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის მხარეს დგანან,”- წერს კლდიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი