ახალი ამბები

საქართველოდან რუსეთში საავტომობილო გადაზიდვებზე შეთანხმება მოხდა

15 აგვისტო, 2013 •
საქართველოდან რუსეთში საავტომობილო გადაზიდვებზე შეთანხმება მოხდა

როგორც მთავრობის განცხადებიდან ირკვევა, 2013 წლის 6-7 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და რუსეთის ფედერაცის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. 

შეხვედრის მიზანს, განცხადების მიხედვით,  წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების აღდგენა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, სადაც მხარეებმა განიხილეს 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები. 

როგორც განცხადებაში წერია, შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებული არიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გადამზიდავები, და ყურადღება უნდა გამახვილდეს, ეროვნული გადამზიდავების აქტივიზაციის მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე,”- წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

აქვე წერია, რომ ქართულმა მხარემ პრინციპულად დააყენა საკითხი საავტომობილო მიმოსვლის აღდგენისათვის ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის შესახებ, რაზედაც მიღწეული იქნა რუსული მხარის თანხმობა საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტის თაობაზე.

“მხარეებს შორის პირველ ეტაპზე გაიცვალა 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვა 2013 წლისათვის, რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს, გადაზიდონ ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით. მოხდა ასევე შეთანხმება მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცვლის თაობაზეც. მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც შეწყვეტილი იყო 2006 წლიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლისათვის საჭირო დოკუმენტაციითა და ნებართვებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი