ახალი ამბები

პროფკავშირები მაღაროელთა უსაფრთხოების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს

14 აგვისტო, 2013 • 985
პროფკავშირები მაღაროელთა უსაფრთხოების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს

“მაღაროელებზე დაყრდნობით ვიცი, რომ ადმინისტრაციამ ზუსტად იცოდა, რომ იქ წყალი იყო. ადმინისტრაციამ დაავალა მცირე ზომის სადრენაჟო ხვრელის გაბურღვა, წყლის დაწრეტვის მიზნით გაბურღვის დროს კი აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით ყოფილა წყალი ფენების შიგნით, და წვრილმა სადრენაჟო ხვრელმა ვერ გაუძლო დიდ წნევას. უნდა ყოფილიყო შესწავლილი, რა რაოდენობის წყალი იყო ქანების უკან, უნდა დაწყებულიყო სამუშაოს დაწყების მიზანშეწონილობა,”- ამბობს მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელი. 


მისივე თქმით, თუ საკანონმდებლო რეგულაციები არ შემუშავდა და მუშას არ ექნება უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა, მსგავსი შემთხვევები კიდევ გაგრძელდება. 

 

“სისტემურ საკანონმდებლო პრობლემასთან გვაქვს საქმე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს 176-ე კონვენცია გამოშვებული, რომელიც შახტებზე და მაღაროებზე უსაფრთხოებისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის ვალდებულებებს აკისრებს დამსაქმებელს, საქართველო, სამწუხაროდ, არ არის მიერთებული ამ კონვენციაზე. ჩვენ 2011 წლიდან ვითხოვთ ამას იმისთვის, რომ დამსაქმებლებმა ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები იცოდნენ.”


ჭიათურის მაღაროში ორი მამაკაცი – როლანდ ნოზაძე, „მაღარმშენის“ ცვლის უფროსი და იუზა სამხარაძე, „ითხვისის“ მაღაროს მეორე უბნის გვირაბგამყვანი გუშინ დაიღუპნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამუშაოს შესრულების დროს მაღაროელის დაღუპვის კიდევ ერთი ფაქტი 15 ივლისს დაფიქსირდა. 


აღნიშნულ ფაქტებზე განცხადება ომბუდსმენმაც გაავრცელა, სადაც ითხოვს, რომ “ახლო მომავალში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი