ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს

13 აგვისტო, 2013 • 977
არასამთავრობო სექტორი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს

 როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აპირებს, რომ კონსულტაციები სხვა არასამათრობო ორგანიზაციებთან გამართოს, რათა საერთო კანდიდატურაზე შეჯერდნენ. ამის შემდეგ კი არასამთავრობო სექტორი კანდიდატს საზოგადოებას და პრეზიდენტს წარუდგენს.

 

“ჩვენი ორგანიზაცია, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ამ მოცემულობის წინაშე დადგა, უცბად ყველამ ერთად გავიგეთ, რომ ცესკოს ხელმძღვანელი გადადგა, ნამდვილად არ ვიყავით ამისთვის მზად, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენც წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატს და დღეის მდგომარეობით რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ვისზე, მაგრამ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ერთ კანდიდატს დავასახელებთ და ვფიქრობთ, რომ ეს მართლაც იქნება ის ადამიანი, რომელიც შეძლებს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. მთავარი ალბათ არის ის, რომ ეს ადამიანი იყოს მიუკერძოებელი, ის არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან , ის უნდა იყოს პროფესიონალი და ძალიან პრინციპული, იმიტომ, რომ პრინციპულობა არის სწორედ ის, რაც ჭირდებოდა და ჭირდება საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიგაური მიმართავს ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ  სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ჩართულია საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის პროცესში, და მოუწოდებს არ გამოიყენონ ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი პოლიტიკური დაპირისპირებისთვის:

 

“ ყველას პოზიცია უნდა იყოს ის, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი იყოს მიუკერძიებელი, მას არ უნდა ქონდეს პარტიული მოსაზრებები და დამოკიდებულებები, შესაბამისად, ყველამ უნდა იხელმძღვანელოს ამ დამოკიდებულებით და არ გამოიყენოს ეს საკითხი იმისთვის, შემდეგ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში შევიდნენ თავმჯდომარედ არჩევის პერიოდში”.

 

ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის პოსტიდან გადადგომის შესახებ 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. მისი გადადგომის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი