ახალი ამბები

ივანიშვილი ამბობს, რომ სტერეოტიპებს არღვევს

12 აგვისტო, 2013 • 914
ივანიშვილი ამბობს, რომ სტერეოტიპებს არღვევს

ეს განცხადებები გიორგი მარგველაშვილზე ბიძინა ივანიშვილმა 12 აგვისტოს, სენაკში, სოფელ ნოქალაქევში გააკეთა, სადაც კოალიციამ  საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

 

სტეროტიპებზე საუბრამდე ივანიშვილმა სიმბოლოებზე ისაუბრა:

 

“ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვხდებით ერთმანეთს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით. საარჩევნო კამპანიისთვის შევარჩიეთ ეს ისტორიული ადგილი. ქუჯის ციხე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, სწორედ აქედან გვინდა დავიწყოთ ჩვენი ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია”.

 

მარგველაშვილის წარდგენისას მან განაცხადა:

 

“საზოგადოებას ვთავაზობთ ევროპული ყაიდის ლიდერს და ამით ვარღვევთ ჩვენს ქვეყანაში წლობით დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ  ლიდერი ზეკაცი და ყველას პატრონი უნდა იყოს, რომ ლიდერი ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის და ჩვენთანაც უნდა დავამკვიდროთ, და უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი.  უნდა დავამკვიდროთ დემოკრატიული მმართველობის სტილი და ქვეყნის პრეზიდენტად ავირჩიოთ ევროპულად მოაზროვნე ადამიანი, რაც დაამთავრებს საქართველოში ერთი კაცის ჭკუაზე მართვას, ერთი კაცის იმედად ყოფნას და ყველას დაანახებს, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული ღირებულებებით აზროვნება, ცხოვრება და სახელმწიფო შენება”.

 

ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილს არასოდეს “გამოკიდებია”თანამდებობას, არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლებისთვის, ის არის დამოუკიდებელი და გაბედული კაცი, რომელიც არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს: “ეს მან დაამტკიცა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს”.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება:

 

“გიორგი საოცრად უშუალო ადამიანია, ინტელექტუალი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, იგი წარმატებით უძღვებოდა ერთ-ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელს, სხვათა შორის, ამ სასწავლებლის დაფუძნებაში მას ლომის წვლილი ჰქონდა, იმის მიხედვადად, რომ გიორგი ყოველთვის ახლოს იყო პოლიტიკასთან, ვერავინ დაწამებს, რომ ის პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე იყო. იგი არც ერთი პარტიის წევრი არ არის, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი პრეზიდენტი ყველას ინტერესების დამცველი იქნება. მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი, ყველას პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი”.   

 

ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს საჩუქრად გადასცა კალამი, რომელსაც, მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიისას იყენებდა.

 

“ძალიან სიმბოლურია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

მასალების გადაბეჭდვის წესი