ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, აპარატს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები გააცნოს

10 იანვარი, 2018 • 2173
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, აპარატს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები გააცნოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო უწყებების მიერ ძალის გადამეტება ან დაგვიანებული და არაეფეტიანი სამედიცინო დახმარება.

“მივმართე პროკურატურას და საჯაროდაც მინდა მივმართო, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნვლყოს სახალხო დამცველის შესაძლებლობა, რომ გაეცნოს საქმის მასალებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური, თუმცა ვფიქრობ, რომ არსებობს არაერთი შეკითხვა, რაზეც ჩვენ გვჭირდება პასუხი”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს:

“მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სახალხო დამცველს საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოიჩენს კეთილ ნებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა”,- ნათქვამია აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოვლენების ქრონოლოგია: 

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი