ახალი ამბები

ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

12 აგვისტო, 2013 • • 1316
ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ზურაბ ხარატიშვილი     ფოტო: რადიო თავისუფლება
ზურაბ ხარატიშვილი ფოტო: რადიო თავისუფლება

ცესკოში აცხადებენ, რომ 15:00 საათზე ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ბრიფინგია დაგეგმილი, რომელსაც არა ხარატიშვილი, არამედ ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი მართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარატიშვილი თანადმებობას ტოვებს, ცესკოში დაუდატურეს სააგენტო ინტერპრესნიუსსა და “პირველ რადიოს”. გავრცელებული ინფორმაციით, ხარატიშვილმა უკვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

 

 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან საქართველოს პარლამენტის მიერ. მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 

 

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ წევრთაგან უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი