ახალი ამბები

მორიგი სკანდალი დეპუტატის ირგვლივ

12 აგვისტო, 2013 • 1189
მორიგი სკანდალი დეპუტატის ირგვლივ

დეპუტატმა მედეა ვასაძემ თავისი თანაშემწე, საფო კობალაძე სამსახურიდან გასულ კვირას დაითხოვა. ყოფილი თანაშემწე 12 აგვისტოს, ანუ დღეს ბრიფინგს გამართვას და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გაუშვეს სამსახურიდან, რა როლი ითამაშა მისი სამსახურიდან დათხოვნაში 24 ივლისის ინციდენტმა, როდესაც მოქალაქე დიანა დიასამიძემ თქვა, რომ მედეა ვასაძემ მას სცემა.

 

საფო კობალაძე უარს აცხადებს სატელეფონო კომენტარით შეაფასოს დეპუტატთან მომხდარი კონფლიქტი. „ხვალ ბრიფინგზე ვისაუბრებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ყოფილმა თანაშემწემ.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საფო კობალაძე 12 აგვისტოს ჟურნალისტებს გადასცემს ჩანაწერებს, თუ როგორ ემუქრება დეპუტატი მას ოჯახისა და გვარის განადგურებით. წინასწარი ინფორმაციით, ის იტყვის იმაზეც, რომ დეპუტატმა ის ისევე სცემა, როგორც, ორი თვის წინ დიანა დიასამიძე.

 

“მედეა ვასაძის ზეგავლენის შედეგად, ჩემ მიერ როგორც გამოძიების, ასევე, სახალხო დამცველის წარმომდგენლისთვის მიცემული იქნა, სამწუხაროდ არასწორი ჩვენება, რის გამოც დღემდე განვიცდი სინდისის ქენჯნასა და პიროვნულ პასუხისმგებლობას, როგორც დაზარალებული მოქალაქის, დიანა დიასამიძის, ასევე საზოგადოების მიმართ,”- ამ განცხადებას აკეთებს 2013 წლის ივნისში მედეა ვასაძის მიერ მოქალაქის, დიანა დიასამიძის ცემის ფაქტზე. 

 

თავად მედეა ვასაძე საფო კობალაძის სამსახურიდან დათხოვნას ორი მიზეზით ხსნის: „არაპროფესიონალიზმი – წერა-კითხვა არ იცოდა“ და „შანტაჟი – „დამემუქრა, გამოძიებას ვეტყვი, რომ მაშინ დიასამიძე სცემეო“.

 

მედეა ვასაძე „ბათუმელებთან“ ინციდენტის დეტალებს იხსენებს: „პროკურორი მოვიდა ჩემი ტელეფონის ამოსაღებად, დიასამიძის საქმესთან დაკავშირებით. თანაშემწეს ვუთხარი გაათავისუფლე ტელეფონი კარტისგან და გადაეცი პროკურორს-მეთქი. დააგვიანა ამის გაკეთება – პროკურორმა მითხრა, ტელეფონი არ მოუტანიაო. აღმოჩნდა, რომ ჩასულა საფო ჩემს მეუღლესთან პირველ სართულზე, წამოუღია მისი ტელეფონი… თურმე ჩემი ტელეფონის ნაცვლად ჩემი მეუღლის ტელეფონი დაილუქა“.

 

მედეა ვასაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მოახსენა პროკურორს, რის შემდეგაც, მეუღლის ტელეფონი ამოიღეს და მისი ტელეფონი ჩადეს საქმეში.

 

დეპუტატის განცხადებით, თანაშემწესთან სცადა გაერკვია, რატომ შეცვალა ტელეფონები: `მითხრა, რომ კარგის გაკეთება უნდოდა, მაგრამ რეალურად ვერ ახსნა… მეორე დღეს დავაყენე საკითხი მის გათავისუფლებაზე. ნაცვლად იმისა, რომ რამე დამაჯერებელი ეთქვა ან ბოდიში მოეხადა, დაიწყო შანტაჟი, არამარტო ჩემი, არამედ სხვა დეპუტატებისაც“.

 

დეპუტატის თქმით, თანაშემწემ შანტაჟის იარაღად გამოიყენა დიანა დიასამიძესთან დაკავშირებული ინციდენტი: `მითხრა, მე ვიტყვი, რომ თქვენ დიასამიძე ნამდვილად გალახეთო. მითხრა, რომ ალეკო ჩიტიშვილი აუცილებლად მოგყვებათ თქვენო – იმას რაღას ერჩოდა, არ ვიცი. თქვა იმაზეც, რომ მუდმივად მყავდა ტერორის ქვეშ. ყველაფერს აკეთებდა ჩემი დისკრედიტაციისთვის. ჩავთვალე, რომ იმ პროვოკაციის გაგრძელება იყო, რა პროვოკაციაც დიასამიძემ მოაწყო“.

 

მედეა ვასაძე ელის, რომ მისი ყოფილი თანაშემწე ბრიფინგზე “ბევრ რამეს იკადრებს”. დეპუტატს არააგრესიულობის საილუსტრაციოდ თავის “წინა ცხოვრება” მოჰყავს: „დეპუტატობამდე ვიყავი მოქმედი ადვოკატი. აბა, გაგიგიათ ან პროკურორისგან, ან მოსამართლე თუ იტყვის, ან ერთი მხარე თუ იტყვის, რომ ვინმესთვის აგრესიულად მიმემართა. სირცხვილია, ვინ დაიჯერებს მაგას. შეიძლება უარესი რამე თქვას, ხომ ვერ იტყვის, რატომ ვცემდი. თანაც ჩემი წონისა და ასაკის გამო ისეთი მოუქნელი ვარ, რომ როგორ შეიძლებოდა ორი გამელახა ერთად? არ ვიცი?!“

 

მედეა ვასაძე თავის თანაშემწესთან მიმართებაში კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, ამჯერად სპეცსამსახურებთან კავშირში:

 

„პირველად, როცა ჩემი უფლებამოსილება იქნა ცნობილი, სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ქალბატონო მედეა, უნდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში, საფოს მეუღლე რაღაცა ტენდერებზე თქვენი სახელით ვიღაცებს გარანტიებს აძლევსო. დავუძახე საფოს და ვუთხარი, რომ არ იყოს მსგავსი რამე-მეთქი. სხვათა შორის, სპეცსამსახურების წინაშე დავაყენე საკითხი, რომ არის ასეთი მითქმა-მოთქმა და საკითხი აეყვანათ კონტროლზე. მიუხედავად ამისა, მე მასთან ურთიერთობა არ გამირთულებია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი