ახალი ამბები

მე-6 დღე 17 წლის გოგონას გაუჩინარებიდან

12 აგვისტო, 2013 • 1076
მე-6  დღე 17 წლის გოგონას გაუჩინარებიდან

17 წლის დარეჯან დიასამიძის პოვნის შესახებ ინფორმაცია “გაზეთ ბათუმელებთან” საუბარში პოლიციამ ვერ დაადასტურა. ბათუმის სიახლოვეს, სოფელ ახალშენში მცხოვრები მე-12 კლასელი გოგონა, ოჯახის ცნობით, მამის ძმის სახლიდან 7 აგვისტოს, დილის ათ საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა პოლიციას დახმარებისთვის იმავე დღეს მიმართა. სამძებრო სამუშაოები დღემდე უშედეგოდ გრძელდება.

 

დარეჯანის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, პოლიციამ შვილის ძებნა სოფლებში, მათ შორის ბეშუმშიც დაიწყო. ის ამბობს, რომ არავის ემუქრება და ყველას ყველაფერს აპატიებს, ოღონდაც მისი შვილი ცოცხალი დაბრუნდეს: „მეტი აღარ შემიძლია, მაჩვენეთ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. ძალიან გთხოვთ, მაჩვენეთ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია“.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატელეფონო ანძებმა 7 აგვისტოს, შუადღისთვის დარეჯან დიასამიძის ტელეფონიდან თავისი მეგობრის ტელეფონზე გამავალი სატელეფონო ზარი დააფიქსირეს, გოგონას ბიცოლას – ირინა ბურჯანაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება: „არ არის ეგ სიმართლე. პირიქით, ბევრი ხალხი მას ურეკავდა“.

 

ირინა ბურჯანაძის თქმით, ოჯახმა ზუსტად იცის, რომ დარეჯანის ტელეფონი დილიდანვე გათიშული იყო: „დარეჯანს ურეკავდნენ, უნდა ეთქვათ, რომ თავის დასთან წასულიყო. ფეხმძიმე და ჰყავს, დედამთილი სოფელში მიდიოდა და მარტო რომ არ დაეტოვებინათ ფეხმძიმე, იმასთან უნდა გაეშვათ. დაც აქვე ცხოვრობს, ახალშენში… ტელეფონი გამორთული იყო, ვერ დაურეკეს“, – ამბობს ირინა ბურჯანაძე.

 

ბიცოლას თქმით, გზის ის მონაკვეთი, რომელიც ბიძის სახლიდან საკუთარ სახლამდე გოგონას უნდა გაევლო, მჭიდროდ არის დასახლებული. „მანძილი კი სულ ერთი კილომეტრია“.  

 

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერი თელიამ დარეჯან დიასამიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ბოლო განცხადება 10 აგვისტოს გააკეთა. მან თქვა, რომ საქმე ქვეყნის შს მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა რამდენიმე „საეჭვო სახლი“, თუმცა ყველა სამძებრო ღონისძიება, ჯერჯერობით, უშედეგოდ დამთავრდა.

 

იმ შემთხვევაში თუ დარეჯანის ადგილსამყოფლის ან მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას მოიპოვებთ, აუცილებლად დარეკეთ ტელეფონებზე: 555 234 711; 551 09 37 21.

მასალების გადაბეჭდვის წესი