ახალი ამბები

მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია სენაკიდან იწყება

12 აგვისტო, 2013 • 967
მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია სენაკიდან იწყება

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში იწყება. ოფიციალური ინფორმაციით, ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კოალიციის ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები. 


დღესვე,  ოფიციალური ინფორმაციით,  “მარგველაშვილი ხობის რაიონის სოფელ ნოჯახევში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღის აღსანიშნავ საზეიმო წირვას დაესწრება.”

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, გუშინ, 11 აგვისტოს, ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონის ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის დროს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აგრარული განვითარების პროგრამის ( GIPA / GRDP ) ფარგლებში შეიქმნა.

 

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე, ეწვია სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან დაღუპული გმირების ძმათა სასაფლაოს და ის გვირგვინით შეამკეს. სამთავისის და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, აგვსიტოს ომში დაღუპული 17 ჯარისკაცის საფლავზე მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. პრეზიდენტობის კანდიდატსა და თავდაცვის მინისტრს თან ახლდნენ კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები პარტიული ატრიბუტიკით. როგორც “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, საარჩევნო კანონმდებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირს, ანუ მინისტრს, არ უზღუდავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, აღნიშნული შეზღუდვა ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში.

 

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, არასამთავრობოების  მოთხოვნა იყო, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვისაც შეზღუდული ყოფილიყო, თუმცა პარლამენტმა ეს არ გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი