ახალი ამბები

აშშ-ის დუმილი სააკაშვილის განცხადებაზე

12 აგვისტო, 2013 • 2250
აშშ-ის დუმილი სააკაშვილის განცხადებაზე

“ქართული ოცნება” ქართული საზოგადოების ტვინების გამორეცხვას აწარმოებს, ამიტომ პრეზიდენტი იძულებული ხდება, რომ რაც კონფიდენციალურია, ისიც უთხრას ქვეყნის მოქალაქეებს”, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი “ბათუმელებთან” საუბარში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია:

 

“მისი განცხადებები დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ფრანგული ანდაზა – “ჩემ შემდეგ თუნდაც წარღვნაც ყოფილაო”… ესაა პრეზიდენტი, რომელიც მიდის და ცდილობს კარი ისე გაიჯახუნოს, რომ ქვეყანას ავნოს. ყველა ეს განცხადება, რაც ბოლო ხანებში გაკეთდა, ემსახურება თავისი შეცდომების გამართლებას.”

 

მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში, რამდენიმე სატელევიზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუებში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა თბილისის აღება აშშ–ის ავიაციისა და ფლოტის ჩარევის შედეგად ვერ მოახერხა.

 

აშშ–ის კუთვნილი სამხედრო ხომალდები, მათ შორის მე–6 ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი “მაუნტ უიტნი”, ოფიციალური ვერსიით, საქართველოს აკვატორიაში 2008 წლის აგვისტოში ჰუმანიტარული დახმარების შემოსატანად შემოვიდა, თუმცა ამ ფაქტმა რუსეთში ეჭვები მაშინვე გამოიწვია. რუსეთის სათათბირო დუმაში ხმაურიანი სხდომაც გაიმართა, სადაც დეპუტატთა ერთი ნაწილი შეერთებულ შტატებს ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებდა და შავი ზღვიდან ამერიკული სამხედრო ხომალდების გაყვანას მოითხოვდა.

 

სააკაშვილის ცნობით, აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ მას უთხრა, რომ ამერიკული გემებით მხოლოდ სასმელი წყალი არ შემოსულა საქართველოში, როგორც ეს 2008 წლიდან დღემდე იყო ოფიციალურად ცნობილი.

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “ბათუმელები” საქართველოში აშშ–ის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

 

ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ვერ იხსენებს, რომ რომელიმე დიპლომატიურ წყაროს დაედასტურებინოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკულ გემებზე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად სამხედრო დახმარებაც ინახებოდა:

 

“დიპლომატიური არხით ჩემთვის ასეთი რამ მაშინ ცნობილი არ გამხდარა, თუმცა მე ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი არსებობს. ოფიციალური დიპლომატიური არხებით ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგალითად, კონდოლიზა რაისისგან [აშშ–ის სახელმწიფო მდივანი 2008 წელს] მე მსგავსი არაფერი გამიგია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიკ ჩეინის არ შეეძლო ეს ეთქვა პრეზიდენტისთვის. დამატებით ინფორმაციას [შეესაბამება თუ არა პრეზიდენტის განცხადება სიმართლეს] ამაზე ვერ მოგაწვდით”, – ამბობს იგი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების თბილისისკენ გადაადგილების პროცესის შეჩერება ამერიკული გემების მოძრაობის დაწყებას დაემთხვა:

 

“მე მაშინ ბრიუსელში ვიყავი წასული მოლაპარაკებებზე და ერთი, რაც ცალსახად მახსოვს, არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების მიუხედავად, იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ გრძელდებოდა რუსეთის ჯარის წინ წამოწევა საქართველოს სიღრმეში და ისინი რეალურად მოემართებოდნენ ჩვენი დედაქალაქისკენ. თვალნათლივ მახსოვს, რომ როცა განხილვები მიდიოდა, თუ როგორ შეჩერებულიყო ეს პროცესი, იმ დროს პრეზიდენტმა ბუშმა და კონდოლიზა რაისმა გამართეს პრესკონფერენცია და გამოაცხადეს, რომ ამერიკის საზღვაო ფლოტი ჰუმანიტარული მისიით შავი ზღვისკენ დაიძრა. მახსოვს, რომ ამ პრესკონფერენციიდან დაახლოებით რამდენიმე წუთის შემდეგ თბილისიდან ინფორმაცია მომივიდა, რომ რუსეთის ჯარმა წინსვლა შეწყვიტა. ასეთი მყისიერი ეფექტი იქონია ამ ინფორმაციის ღიად გამოცხადებამ. ეს არის ის, რაც ნამდვილად მახსოვს”, – აცხადებს იგი.

 

აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმში, 2008, გაზეთ ბათუმელების ფოტო
აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმში, 2008, გაზეთ ბათუმელების ფოტო

პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ჩეინის ინიციატივა იყო, 2008 წლის აგვისტოში იერიში მიეტანათ როკის გვირაბზე.

 

“დიკ ჩეინის იდეის შესახებ, რომ ხომ არ დაერტყა ამერიკას ომის დროს როკის გვირაბისთვის [საიდანაც ცხინვალის რეგიონში რუსული მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა], რონ ასმუსის [მარშალის ფონდის წარმომადგენელი, ავტორი წიგნისა “მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”] წიგნშიც არის ნახსენები. იქ წერია, რომ ჩეინიმ ეს წინადადება ამერიკაში ერთ–ერთ თათბირზე დააყენა. მაგრამ ამ გემების შემოსვლა არ ნიშნავდა, რომ როკს აუცილებლად დაარტყამდნენ… გემების  შემოსვლა ნიშნავდა შემდეგ გზავნილს რუსეთის მიმართულებით: გაჩერდით, თბილისისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგათ და სწორედ ამან გააჩერა რუსები. ეს იყო ძალის დემონსტრირება და ამან თავისი როლი შეასრულა. თქვენ რა გეგონათ, რომ მართლა წყლის შემოსატანად იყვნენ ის გემები? გგონიათ, რომ წყალი სამხედრო ხომალდებით შემოაქვთ ხოლმე? ეს იყო ძალის დემონსტრირება”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

 

“დიკ ჩეინიც არავინ არაა უკვე და არც მიხეილ სააკაშვილი. ესენი გადამდგარი ხალხია. სააკაშვილი არ ეშვება მავნებლობას. საქართველოს წინააღმდეგ ლაპარაკი, მისი საიდუმლოს გათქმა, მისი სტრატეგიული პარტნიორების საიდუმლოს გათქმა იკრძალება კანონით და არც პრეზიდენტს აქვს უფლება… თუ იმ გემზე მართლა სხვა რამ იყო, მას ეს საფლავში უნდა ჩაეტანა”, – ასე აფასებს პრეზიდენტის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, თუმცა იგი გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ამ განცხადებამ საქართველოსა და შეერთებული შტატების შემდგომ ურთიერთობებს ავნოს:

 

“საქართველო–ამერიკის ურთიერთობები ერთ პიროვნებაზე, თუნდაც იგი იყოს საქართველოს პრეზიდენტი, დამოკიდებული არასდროს ყოფილა და ვერც იქნება. სააკაშვილი არის მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე უმნიშვნელო წერტილის უმნიშვნელო ყოფილი უფროსი. გასაგებია, რომ [საქართველო] ჩვენი ქვეყანაა და გული შეგვტკივა, მაგრამ, აბა, მსოფლიოს გადასახედიდან შეხედეთ, სააკაშვილი გაუფუჭებს თუ არა საქმეს შეერთებულ შტატებს?  – რა თქმა უნდა, არა”.

 

დავით დარჩიაშვილის თქმით, თუ საზოგადოების ნაწილს აჯერებენ იმაში, რომ საქართველო დამნაშავე იყო ამ ომში, მაშინ პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა თქვას:

 

“სწორედ აქედან გამომდინარე არის გამოწვეული მისი, ვიღაცისთვის შეიძლება ზედმეტად გახსნილი ლაპარაკი. ჩემი აზრით, პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ხოლმე ისეთი განცხადებები, როგორიც არის ის, რომ, მაგალითად, საოკუპაციო ხაზის გადმოტანა და მცოცავი ანექსია გაუგებრობაა და მეტი არაფერი. ამ ვითარებაში თუ პრეზიდენტი რამეს ისეთს იტყვის, რასაც ნორმალურ, დალაგებულ ვითარებაში შეიძლება არ ამბობენ ხოლმე, რადგან არსებობს კონფიდენციალურობის დაუწერელი ნორმები, ეს აბსოლუტურად დასაშვები და ნორმალური მგონია. ყველაფერს განსაზღვრავს ვითარება”, – აცხადებს დარჩიაშვილი.

 

ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, ამ პროცესებში აშშ–ის მონაწილეობაზე მიანიშნებს. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლას, რისთვისაც მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული, FBI-ს ჯგუფი ადევნებდა თვალყურს  საქართველოს შსს–ში მონიტორებზე, და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი. აშშ–ის საელჩოში ამ საკითხის კომენტირებაზეც უარი განუცხადეს მაშინ “ბათუმელებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი