ახალი ამბები

კორტავას საქმეზე ბრალდებული ციხის თანამშრომლები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

10 აგვისტო, 2013 •
კორტავას საქმეზე ბრალდებული ციხის თანამშრომლები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ალექსანდრე ბაბუნაშვილსა და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას წინასწარი პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს შეუფარდა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


როგორც “ნეტგაზეთს” ქუთაისის სააპალეციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, კოხოძეს და ბაბუნაშვილს 5-5 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ, ხოლო ნასარეიას – 10 ათასლარიანი გირაო. 


კოხოძესა და ბაბუნაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენისთვის ედებათ ბრალი, ხოლო ნასარეიას – სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისათვის.

 

ლევან კორტავა 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც გეგუთის ციხეში მიღებული ფიზიკური ტრავმების შედეგად იქნა გადაყვანილი. გარდაცვლილი პატიმრების ახლობლები ითხოვენ გეგუთის ციხის მაშინდელი უფროსის, მალხაზ სინაურიძის დასჯას, რომელიც მომხდარის შედეგად დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან. კორტავას ოჯახის წევრები, ასევე, მოითხოვენ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

3 აგვისტოს კორტავას გარდაცვალების საქმე გახსნილად გამოაცხადა პროკურატურამ და ბრალი წაუყენეს შემდეგ პირებს: სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორებს- ილია შანშაშვილს, თენგიზ ნასარეიასა და გიგა კოხოძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ალექსანდრე ბაბუნაშვილს.

 

ამას გარდა, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის (სსკ 117-ე მუხლი) ბრალი წარედგინათ პატიმრებს: ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს, ნუგზარ ბუჩუაძეს, ასევე, ყოფილ პატიმარ – გიორგი შემაზაშვილს.

 

7 აგვისტოს კი ამ საქმეზე კიდევ ერთ პირს წაუყენა პროკურატურამ ბრალი: სად-ის N14 დაწესებულების დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ივერი გოგიბერიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში ედება ბრალი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი