ახალი ამბები

მინდა, ყველა გოგომ იცოდეს: ჰორიზონტზე ახალი დღეა! – ოპრა უინფრის სიტყვა ოქროს გლობუსზე

8 იანვარი, 2018 • 3900
მინდა, ყველა გოგომ იცოდეს: ჰორიზონტზე ახალი დღეა! – ოპრა უინფრის სიტყვა ოქროს გლობუსზე

ოქროს გლობუსის 2018 წლის დაჯილდოების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ამერიკელი ტელეწამყვანისა და მსახიობის, ოპრა უინფრის სიტყვა იყო, რომელმაც ცხოვრებისეული მიღწევებისათვის სესილ დემილის ჯილდო მიიღო. უინფრის გამოსვლის მთავარი გზავნილი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მნიშვნელობასა და იმ გარემოს შეეხებოდა, სადაც მრავალი სირთულის გადალახვა უწევდათ და უწევთ როგორც ქალებს, ისე კაცებს. დაჯილდოებიდან რამდენიმე საათში ოპრას სიტყვა მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გახდა.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ გამოსვლის ქართულ თარგმანს:

“დიდი მადლობა. ყველას გმადლობთ. 1964 წელს პატარა გოგო ვიყავი, დედაჩემის სახლში მილუოკში, იატაკზე ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ წარადგენდა ენი ბენქროფთი ოსკარის ჯილდოს საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. მან გახსნა კონვერტი და წარმოთქვა სიტყვები, რომელმაც ისტორია შექმნა: გამარჯვებულია სიდნი პუატიე. მახსოვს, როგორ ავიდა სცენაზე ყველაზე ელეგანტური მამაკაცი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს. მისი ჰალსტუხი თეთრი იყო, კანი კი, რა თქმა უნდა, შავი. მაშინ არასოდეს მენახა, რომ შავკანიანი მამაკაცი ასე ყოფილიყო წარმოდგენილი. ამის შემდეგ, დიდ ხანს ვცდილობდი, ამეხსნა, რას ნიშნავს ეს მომენტი პატარა გოგოსთვის – ბავშვისთვის, რომელიც  ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა, კართან კი სხვისი სახლების დალაგებით დაღლილი დედამისი იდგა. ერთადერთი, შემიძლია მოვიხმო ციტატა სიდნი პუატიეს გამოსვლიდან: “ამინ, ამინ, ამინ, ამინ!” 1982 წელს სიდნიმ მიიღო სესილ დემილის ჯილდო ოქროს გლობუსის დაჯილდოების ფარგლებში და ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ პატარა გოგონები მიყურებენ და ხედავენ, რომ გავხდი პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, გავატარო ეს საღამო მათთან და არაჩვეულებრივ ქალებთან და კაცებთან ერთად, რომლებმაც გამომიწვიეს, მომხიბლეს და ამ სცენაზე დგომა ჩემთვის შესაძლებელი გახადეს; დენის სვანსონი, რომელმაც მომცა შანსი, წამეყვანა “A.M. Chicago”(სატელევიზიო გადაცემა); ქუინსი ჯონსი, რომელმაც მნახა ამ შოუში და სტივენ სპილბერგს უთხრა “-კი, ის სოფიაა ფილმიდან “იისფერი”), გეილი კინგს(ამერიკელი ტელეწამყვანი), რომელიც მეგობრის განსახიერებაა, და სტედმან გრაჰამს, რომელიც ჩემი სულიერი ძმაა. მინდა მადლობა ვუთხრა ასევე ჰოლივუდის საერთაშორისო პრესის ასოციაციას, რადგან ვიცით, რომ დღესდღეობით პრესა ზეწოლის ქვეშაა.

მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პრესა შესანიშნავი საშუალებაა, გამოვააშკარაოთ კორუფცია და უსამართლობა; ტირანები, მათი მსხვერპლი, საიდუმლოებები და ტყუილები. მინდა ვთქვა, რომ ახლა, ამ რთულ დროს, ისე ვაფასებ პრესას, როგორც არასდროს. აღნიშნულს კი შემდეგ დასკვნამდე მივყავარ: ზუსტად ვიცი, სიმართლის თქმა ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია. მე ვამაყობ და შთაგონებული ვარ ყველა იმ ქალით, რომელთაც გამოიჩინეს სიძლიერე და გამბედაობა, მოეყლოათ თავიანთი პირადი ისტორიები. ყველა, ვინ ამ ოთახშია, მნიშვნელოვანი ვართ იმ ისტორიების გამო, რომლებიც მოვყევით. წელს ჩვენ ისტორია შევქმენით. მაგრამ ეს არ არის ისტორია, რომელიც მხოლოდ გასართობ ისტორიას არყევს. არამედ ეს არის რაღაც, რასაც ნებისმიერ კულტურაში, რასაში, რელიგიაში, პოლიტიკასა და სამუშაო ადგილას ვხვდებით.

მინდა, პატივისცემა გამოვხატო ყველა ქალის მიმართ, ვინც წლების მანძილზე იტანდა ძალადობასა და შევიწროებას, რადგან მათ – დედაჩემის მსგავსად – ჰყავდათ ბავშვები, რომლებიც უნდა გამოეკვებათ, გადასახადები, რომლებიც უნდა გადაეხადათ, ოცნებები, რომლებიც უნდა აესრულებინათ. ისინი არიან სახლის თუ ფერმის მოხელეები; მუშაობენ ფაბრიკებსა და რესტორნებში; არიან უნივერსიტეტებში, ინჟინერიაში, მედიცინასა და მეცნიერებაში; ისინი არიან მსოფლიო ტექნოლოგიების, პოლიტიკისა და ბიზნესის ნაწილი; ისინი არიან ჩვენი წარმომადგენლები ოლიმპიურ თამაშებზე და სამხედროები არმიაში.

და ერთ-ერთი ასეთია რეკი ტეილორი: სახელი, რომელიც ვიცი და, ვფიქრობ, თქვენც უნდა იცოდეთ. 1944 წელს რეკი ტეილორი იყო ახალგაზრდა დედა და მეუღლე. ის ეკლსიიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც ექვსმა შეიარაღებულმა თეთრკანიანმა მამაკაცმა გაიტაცა, გააუპატიურა და გზის პირას თვალებახვეული დატოვა. მაგრამ მისი ისტორია “შავკანიანთა დახმარების ასოციაციის” მიერ გახმიანდა და მისი საქმის მთავარი გამომძიებელი ახალგაზრდა მოხელე – როზა პარკსი გახდა. მათ ერთად მიაღწიეს სამართლიანობას. მაგრამ სამართლიანობა არ იყო არჩევანი ჯიმ ქროუს [აფროამერიკელთა დისკრიმინაციის აღმნიშვნელი სახელწოდება] დროს. კაცი, რომელიც მის განადგურებას შეეცადა, არასდროს დასჯილა. რიკი ტეილორი 10 დღის წინ, საკუთარ 98-ე დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ის, ისევე როგორც ჩვენ, მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საშინლად ძლიერი კაცების მიერ შერყეულ კულტურაში. და დიდი ხნის მანძილზე არ უსმენდნენ და უჯერებდნენ ქალებს, რომლებიც ბედავდნენ  და სიმართლეს ამბობდნენ  ამ კაცთა ძალაუფლების შესახებ. მაგრამ მათი დრო წავიდა! მათი დრო წავიდა! მათი დროს წავიდა!

მე მჯერა, რიკი ტეილორმა სიკვდილის წინ იცოდა, რომ თავისი სიმართლე – ისევე როგორც სხვა უამრავი ქალის სიმართლე, რომლებიც წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ და ახლაც იტანჯებიან – ზეიმობს. ეს[სიმართლე] იყო სადღაც როზა პარკსის გულში 11 წლის შემდეგ, როცა მან გადაწყვიტა არ დაეთმო თავისი ადგილი ავტობუსით მგზავრობისას მონტგომერში. და ეს [სიმართლე] არის აქ, თითოეულ ქალთან, რომელთაც გაბედეს და თქვეს – “მეც!”(Me Too! კამპანია); თითოეულ კაცთან – თითოეულ კაცთან – რომელთაც მათ მოუსმინეს. ჩემს კარიერაში, ფილმებსა თუ ტელევიზიაში, ის, რასაც ვცდილობდი, საუკეთესოდ გამომსვლოდა, ვცდილობდი, მეთქვა, რას გრძნობენ რეალურად ქალები და კაცები: მეთქვა, როგორც ვიტანდით დამცირებას; როგორ გვიყვარს, რა  გვიტაცებს; როგორ ვმარცხდებით, ვიხევთ უკან, გაგვაქვს თავი და ვუმკლავდებით. მე ვესაუბრებოდი და აღვწერდი ხალხს, რომლებიც იტანდნენ ყველაზე საშინელ რამეებს, რაც შეიძლება ცხოვრებამ მოგიტანოს, მაგრამ ის, რასაც ყველა მათგანი გვიზიარებდა, იყო უნარი, როგორ შევინარჩუნოთ იმედი, რომ უკეთესი დილა გაგვითენდეს – ყველაზე ბნელი ღამის პირობებშიც კი.

ამიტომ, ყველა გოგოს, რომელიც ახლა მიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ჰორიზონტზე ახალი დღეა – და როდესაც ეს დღე საბოლოოდ გათენდება, ეს იქნება ბევრი დიდებული ქალის დამსახურება(მათი ნაწილი ახლა ამ ოთახშია) და ასევე ფენომენალური კაცებისა, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან, რათა გახდნენ ლიდერები, რომლებიც გადაგვიყვანენ დროში, სადაც აღარავის მოუწევს თქვას – “მეც!” დიდი მადლობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი