სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები თვეების განმავლობაში გაუცემელ, კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
აქციებს ორგანიზებას საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი უწევს. მისი ხელმძღვანელი, ჯონი ჯანაშია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ექიმებს თებერვლის შემდეგ ხელფასი არ აუღიათ.
“კაპიკი არ მიუღიათ. როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა ასეთ პირობებში. ისედაც მინიმალურია მათი ხელფასი და ამასაც ვერ იღებენ,”- ამბობს ჯანაშია.
ჯანაშიას განმარტებით, მოცემულ სიტუაციაში სადაზღვევო კომპანიების ბრალეულობა იკვეთება, ვინაიდან, მისი ინფორმაციით, სწორედ ისინი არ ურიცხავენ კლინიკებს ფულს.
“ჩვენ არაერთხელ მოვაწყვეთ აქციები, მათ შორის სადაზღვევო კომპენიების მისამართით, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ გადმორიცხავდნენ კლინიკებში ფულს, ველაპარაკე კომპანია ადითის ხელმძღვანელობასაც, მათი თქმით, სადაზღვევო ფულს უბრალოდ არ ურიცხავს და მიზეზი მათთვის უცნობია. არასწორი პოზიციაა აქვს ჯანდაცვის სამინისტროსაც, როდესაც ამბობს, რომ ის ვერ ჩაერევა კერძო სუბიექტების საქმიანობაში. ეს არასწორია, ვინაიდან სწორედ სახელმწიფო გასცემს ფულს. ფაქტია ისიც, რომ “ადითმა” ვერ შეძლო სიტუაციების მართვა. ჩვენი სურვილია, რომ მუნიციპალიტეტებს დაუბრუნდეს ეს სამედიცინო დაწესებულებები, მოისპოს ყოველგვარი შუალედური რგოლი და იყოს პირდაპირი ურთიერთობა სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის,”- აცხადებს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი.
კომპანია “ადითის” საკითხი არაერთხელ გახდა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პრესკონფერენციების განხილვის ერთ-ერთი თემა. “ადითის” საკითხი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზეც იყო განხილული. კომპანიას მთავრობისგან არაერთხელ აქვს მიღებული გაფრთხილება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ნეტგაზეთი შეეცადა დაკავშირებოდა კომპანია “ადითის” ხელმძღვანელ პირს, კოკა ფრუიძეს, თუმცა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.





