ახალი ამბები

ის, რაც 2018 წელს მოხდება – ხუთი პოლიტიკური მოვლენა

4 იანვარი, 2018 • 8290
ის, რაც 2018 წელს მოხდება – ხუთი პოლიტიკური მოვლენა

ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნები?

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შესაძლოა, ეს იყოს ისტორიული მოვლენაც. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით 2023 წელს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. ანუ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობა პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევდეს.

გარდა ამისა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არაერთი თვალსაზრისით არის საინტერესო:

ვინ იქნებიან კანდიდატები? რა ტაქტიკით მიიღებს მასში მონაწილეობას ოპოზიცია: ერთიანი კანდიდატით თუ ცალ-ცალკე? როგორ აისახება საპრეზიდენტო მარათონზე 2017 წლის თვითმმართველობის ტრენდი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატებაში გამოიხატება? იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტი მარგველაშვილი?

ის, რომ ზოგადად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიდის, 2018 წლის არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს – ფიქრობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, უშუალოდ ამ არჩევნების შედეგების საფუძველზე არასახელისუფლო კანდიდატებს მოსახლეობისთვის არსებული დღის წესრიგის შეცვლის დაპირება გაუჭირდებათ, გამომდინარე პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებიდან. და რას შეიძლება სახელისუფლო კანდიდატი დაჰპირდეს ხალხს? არსებული კურსის გაგრძელებას, სტაბილურობას, პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების მეტ სინქრონიზაციას? ოპოზიციის არგუმენტი იქნება ბალანსი ხელისუფლების ორ შტოს შორის, რომლებიც შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს.

კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იქნება არადისკრედიტებული საპრეზიდენტო კანდიდატი ახალი პოლიტიკური კონფიგურაციით, რომელიც ამომრჩეველს არა მხოლოდ საპრეზიდენტო გეგმებს, არამედ უფრო გრძელვადიან ხედვას შესთავაზებს. პოლიტოლოგის აზრით, მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შექმნილი კანდიდატი ხელისუფლებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

ოპოზიციაში გადაჯგუფებები ჯერ კიდევ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც არაერთმა ლიდერმა დატოვა თავისი პარტია. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე სხვა ტიპის ტენდენცია გამოიკვეთა: ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდა, გაიხსენეს წარსული ან ივანიშვილის სატელიტობაში დასდეს ბრალი.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დისკუსია პროდასავლური ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2018-შიც გაგრძელდება. საინტერესოა, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ამ არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე შეჯერებას? კორნელი კაკაჩია ამ პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება რაიმე მძიმე შეცდომას არ დაუშვებს (მაგალითად, ძალის გადამეტება), ოპოზიციას გაერთიანება გაუჭირდება.

პოლიტოლოგის აზრით, მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, აქვს თეორიული შანსი, რომ კენჭისყრის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ირგვლივ შემოიკრიბოს. თუმცა გასათვალისწინებელია ბევრი დეტალი: მარგველაშვილი მოინდომებს თუ არა გარკვეულ პარტიებთან აფილირებას, პარტიებს თუ ექნებათ ამის სურვილი, რა რეიტინგი ექნება მას, ფინანსები და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ბოლო ტესტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარდება ქვეყანაში. კაკაჩიას შეფასებით, 2018 წლის არჩევნები 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წილისყრის (სადაც ხელისუფლების ბედი წყდება) ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება, სადაც მოსახლეობის განწყობა გამოჩნდება.

მოქალაქეთა კავშირიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის მართვის მანდატს მხოლოდ ორი ვადით აძლევს. კორნელი კაკაჩიას თქმით, თუ ეს ლეგენდა სწორია, მაშინ მისი ნიშნები 2018 წლის არჩევნებზე უნდა დავინახოთ.

“შეიძლება ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ თუ პროცენტული მაჩვენებელი ხელისუფლების კანდიდატთან ახლოს იქნება, ეს ნიშნავს, რომ განწყობები იცვლება და განგაშის საფუძვლად უნდა იქცეს მმართველი პარტიისთვის 2020 წელს. თუ მმართველი პარტიის კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ეს ცუდი მესიჯი იქნება ოპოზიციური სპექტრისთვის: მათ გადაჯგუფება ან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ 2020 წლისთვის. ახალ პოლიტიკურ ძალებზე ისედაც არის მოთხოვნა,“ – ამბობს კაკაჩია.

ადვილად პროგნოზირებადი არჩევნები რუსეთში

2018 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს მოვლენა საქართველოსთვის საკუთარ არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია – ვინ იქნება რუსეთის მმართველი, დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს. თბილისს მოსკოვთან არაერთი პრობლემა აქვს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს მსგავსი საარჩევნო წესით ტარდება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. “ლევადა ცენტრის” მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევით, ვლადიმირ პუტინი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამ კვლევის თანახმად, მას იმ ამომრჩევლების 67% უჭერს მხარს, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს.

რამდენად სანდოა რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა? რამდენად არიან გამოკითხული ადამიანები გულწრფელები? მაია ურუშაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი “კავკასიური სახლიდან“ ამბობს, რომ “ლევადა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საბოლოო შედეგებთან ახლოს აღმოჩნდება. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით ამ არჩევნებიდან ახალს არაფერს უნდა ელოდოს, რადგან დიდი ალბათობით ისევ პუტინი გაიმარჯვებს. მაია ურუშაძე ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას, რომელიც ამ სოციოლოგიურმა გამოკითხვამ გამოავლინა – რუსეთში არჩევნების მიმართ ინტერესი ნელდება. ეს რუსეთის მმართველი ელიტისთვის, ერთი მხრივ, ცუდია, რადგან პუტინს, სავარაუდოდ, მაღალი ლეგიტიმაციით გამარჯვება სურს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამომრჩევლების ნიჰილიზმი მის სასარგებლოდ მუშაობს:

“სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არჩევნებზე ამომრჩევლის 50%-ზე ოდნავ მეტი მივა. რაც უფრო პასიურია ამომრჩეველი, მით უფრო მარტივია ხელისუფლებისთვის, სახელმწიფო რესურსის მობილიზებით, სასურველი შედეგი დადოს. ამომრჩეველს უფრო დიდი მოტივაცია რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა მმართველი გუნდისთვის კონკურენცია გაეწიათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ნავალნის გარშემო იკრიბებიან. 80%-იან აქტივობაზე კიდევ შეიძლებოდა რომ გველაპარაკა, მაგრამ ასე მმართველი გუნდისთვის სიურპრიზებისა და შოკების გარეშე ჩაივლის ეს არჩევნები,“ – ამბობს მაია ურუშაძე.

ალექსეი ნავალნის დასავლური მედია სახელისუფლებო პარტია “ედინაია რასიას” უმთავრეს კონკურენტად მოიხსენიებს. ის აქტიურია სოციალურ ქსელებში. უმთავრესი ფოკუსი კორუფციაა. “ლევადას” კვლევის მიხედვით, 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით მისი რეიტინგი მხოლოდ 2 პროცენტია. თუმცა ნავალნის აქვს პოლიტიკური სიურპრიზების გამოცდილება. 2013 წელს ის მოსკოვის მერის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა 27%-ით. ეს იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მას რუსეთის ექსპერტულ წრეებში არჩევნებამდე უწინასწარმეტყველებდნენ. ნავალნი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა პუტინის მოკავშირე სერგეი სობიანინის სასარგებლოდ.

ნავალნი და სობჩაკი

მკაფიო არ არის, რა ხედვა ექნება ნავალნის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საგარეო პოლიტიკის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს აინტერესებს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის არ ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთმა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით შეიერთა, თუმცა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გაუქმება ვერ მოხერხდება და საჭიროა ხელახალი რეფერენდუმი.

ნებისმიერ შემთხვევაში ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ძალიან გაუჭირდება, რადგან მას კანდიდატად დარეგისტრირებაში ხელს სასამართლოს გადაწყვეტილება უშლის – ის ძმასთან ერთად გაასამართლეს წლების წინ. თავად ნავალნი გაფლანგვის ამ კრიმინალურ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და კანდიდატად დარეგისტრირებას მოითხოვს.

მაია ურუშაძის აზრით, არჩევნებში წარმატების მიღწევა გაუჭირდება ჟურნალისტსა და აქტივისტს, ქსენია სობჩაკსაც, რომლის რეიტინგიც, „ლევადას” კვლევას თუ დავუჯერებთ, მხოლოდ ერთი პროცენტია.

მაია ურუშაძის თქმით, ახლა რუსეთში უფრო აქტუალურია, თუ ვის წარადგენს პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მემკვიდრედ, ვიდრე ის, მოახერხებს თუ არა ამჟამინდელ არჩევნებში გამარჯვებას. პუტინს 2024 წელს კენჭისყრის უფლება აღარ ექნება.

ის ელის, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში ნავალნის საპირწონედ პუტინი თავის ახალგაზრდობის ლიდერად წარმოჩენას შეეცდება. შემთხვევითი არ არის, რომ პუტინმა პირველი მინიშნება იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, სწორედ ახალგაზრდა მოხალისეებთან შეხვედრაზე გააკეთა მოსკოვში:

“მე მინდა გკითხოთ, მენდობით და მხარს მიჭერთ?” – მიმართა პუტინმა ახალგაზრდებს. პასუხად მიიღო “დიახ” და რამდენიმე დღეში არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.
თუ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის რუსეთს 24 წელი მართავს (ხან პრეზიდენტის, ხან პრემიერის რანგში). ამ თვალსაზრისით პუტინი მნიშვნელოვნად გაასწრებს ბრეჟნევის 18-წლიან ვადას სსრკ-ში, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება იოსებ სტალინს, რომელიც საბჭოთა კავშირს თითქმის სამი დეკადის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ნატოს სამიტი

ნატოს 2018 წლის სამიტი ივლისში ბრიუსელში გაიმართება. თემები, რომლებიც წინასწარ ცნობილია, ტერორიზმი და საფრთხეები იქნება რუსეთის კონტექსტში.

მას შემდეგ, რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ნატოში მიიღო დაპირება, რომ ერთ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, ყოველი სამიტის წინ არსებობს მოლოდინი, რომ პროცესი დაიძვრება.

როგორი იქნება აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებებისადმი პრეზიდენტ ტრამპის პირობებში? ეს, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც ოფიციალურ თბილისს აწუხებს და შესაძლოა პასუხს სწორედ მოახლოებულ სამიტზე ელის. ცნობილია ტრამპის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ ის ნატოელი მოკავშირეებისგან უსაფრთხოებაში სათანადო კონტრიბუციას ითხოვს.

საქართველო თავდაცვაზე უკვე წლებია მშპ-ს 2%-ს ხარჯავს და ამით ნატოს სტანდარტს აკმაყოფილებს, ასევე მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. თბილისი ფიქრობს, რომ ეს მისი კოზირია და ერთ-ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას სწორედ ამ მესიჯის არტიკულირებაც დაავალა 2017 წლის ხელშეკრულებით.

“დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ სახეზეა. ბუნებრივია, ამ ფაქტორის უფრო ქმედით პოზიტივში გადატანაც შესაძლებელია,” – ამბობს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ის არ ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრების თვალსაზრისით საქართველო 2018 წლის სამიტისაგან რაიმე გარდამტეხ მესიჯს უნდა ელოდოს.

მისი თქმით, საქართველომ ამერიკულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე უნდა იმუშაოს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჰქონდათ ნატოში შესვლამდე ან ამჟამად აქვს იაპონიას თუ სამხრეთ კორეას.

“ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტ პენსის საქართველოში ვიზიტის დროს ვამბობდი: მის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებების ფონზე სრულიად ნათელი იყო, რომ ქართული მხარე ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმით უნდა შეხვედროდა. ვფიქრობ, ამ ადმინისტრაციასთან სწორი და ფოკუსირებული მუშაობით ეს მიღწევადია და ძალიან რეალისტური ჩანს,” – ამბობს ხიდაშელი.

რაც შეეხება უშუალოდ ნატოში გაწევრიანებაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერას, ხიდაშელის აზრით, ამ პროცესში ვაშინგტონის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა გადამწყვეტი:

“მხოლოდ აშშ-ის იმედად ყოფნა რომ გარანტიას არ გვაძლევს, ეს ბუქარესტში ვნახეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ და ვაშინგტონმა ბერლინი და პარიზი ერთობლივად დავარწმუნოთ. უნდა გავითვალისწინოთ გერმანიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება – შესაძლოა ახალ არჩევნებზე წავიდეს ქვეყანა. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ კანცლერის გონებაში მაინცდამაინც საქართველო იქნება პრიორიტეტული. ასევე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ არასტაბილურ ფონზე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებენ,” – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და დასძენს, რომ არ ჩანს საფრანგეთის ახალ ხელისუფლებასთან მუშაობის განსაკუთრებული კონტურებიც:

“რაც უფრო სწრაფად მოახერხებს ამას საქართველო, უფრო მეტი შანსია, რომ პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკურ რუკაზე გავჩნდეთ. ჩემი სამიზნე იქნებოდა შავი ზღვა – უსაფრთხოების სისტემის სრული დაფარვა ჩვენს ნაწილზე, ამერიკელებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მიღწევა და საფრანგეთის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური მუშაობა მათი სასიცოცხლო ინტერესების ჩვენებით.”

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA / ZURAB KURTSIKIDZE

ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შავ ზღვაზე რუსეთმა ბალანსი შეცვალა და იქ ნატო გააქტიურებას აპირებს, ჯერ კიდევ წინა სამიტის თემაა. თინა ხიდაშელის თქმით, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნატოს შავი ზღვის პოლიტიკაში საქართველოსთვისაც მოიძებნება ადგილი. თინა ხიდაშელის აზრით, ბრიუსელის 2018 წლის სამიტის მთავარი მოლოდინი საქართველოსთვის სწორედ შავ ზღვას უკავშირდება.

“ამ წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან სწორედ ამ საკითხის ლობირებით უნდა ვყოფილიყავით დაკავებული: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი უნდა ყოფილიყო ქართული დელეგაციების ვიზიტების მთავარი მიმართულება. ამერიკის როლი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მათი მხარდაჭერის მოპოვების პირობებში რეალურია ზღვაზე სრულფასოვანი უსაფრთხოების ქოლგის მიღება,” – ამბობს ხიდაშელი და აკონკრეტებს, რომ იგი დაახლოებით ისეთ მექანიზმს გულისხმობს, რომელიც რუმინეთში ამოქმედდა მიმდინარე წლის ოქტომბერში.

ნატოს წევრი 10 ქვეყნის სამხედრო შენაერთებისგან დაკომპლექტებულმა ბრიგადამ – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დანაყოფებმა, ოქტომბრიდან რუმინეთში ოპერირება დაიწყო. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაში ერთგვარი ბუფერული ზონის გაკეთებას ცდილობს და სწორედ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებს ნატო.

საქართველოს რუკა ევროკავშირის გზაზე

ევროკავშირის წევრობა საქართველოს მიზანია. ბოლო წლებში ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, დაბეგვრის გარეშე ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი. თუმცა EU-ში გაწევრების შესაძლებლობის ფანჯარა არ გახსნილა და, როგორც ჩანს, ეს არც ახლო მომავალში მოხდება.

2017 წელს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას არ მისცეს დაპირება იმის თაობაზე, რომ ეს ქვეყნები გაერთიანების წევრები აუცილებლად გახდებიან (დაახლოებით ისეთი გარანტია, რაც საქართველოს ნატოსგან აქვს მიღებული ბუქარესტის სამიტზე), ანუ გაწევრების პერსპექტივა. ღიად არის ნათქვამი მიზეზიც, რის გამოც ამ ეტაპზე ევროკავშირი აღმოსავლეთ საზღვარზე გაფართოებისგან თავს იკავებს: შიდა ფინანსური პრობლემები, მიგრაციის კრიზისი, ბრექსიტი და ა.შ.

ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი დროებით შეაჩეროს და ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული ვალდებულებების შესრულების გარდა არაფერი გააკეთოს – ასე ფიქრობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებისთვის ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება შესთავაზეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი საგზაო რუკას შეიმუშავებენ.

როგორი იქნება ეს საგზაო რუკა, ვინ იმუშავებს მასზე, ვინ იქნება აღსრულებაზე პასუხისმგებელი, ვინ მაკონტროლებელი – ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვანო ჩხიკვაძე “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოდან” ვარაუდობს, რომ ეს პროცესი სწორედ 2018 წელს უნდა დაიწყოს. მისი თქმით, საგზაო რუკის მეშვეობით საქართველომ ჯერ თავად უნდა უპასუხოს შეკითხვას, რომელსაც თბილისი გამუდმებით აყენებს ბრიუსელთან ურთიერთობაში და რომელიც მდგომარეობს შემდეგში – რა იქნება მომდევნო ნაბიჯი?

“არის რამდენიმე საკითხი, რასაც ამ დოკუმენტმა პასუხი უნდა გასცეს. მაგალითად, ავიღოთ შესაძლებლობების ფანჯარა ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რომელიც ახლა ღია არ არის. ჩვენ უნდა მოვიცადოთ, სანამ ევროპის შიგნით კრიზისები მოგვარდება. საგზაო რუკამ ზუსტად ასეთი სცენარები უნდა განიხილოს: რას მივიჩნევთ ჩვენ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნის მომენტად?

ასევე უნდა უპასუხოს კითხვას: როდესაც დრო დადგება, საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად უნდა დაიწყოს EU-ში გაწევრების მიმართულებით მოძრაობა, თუ ცალკე. რა უპირატესობა აქვს ერთად გაკეთებულ განაცხადს, რა ნეგატიური მხარეა და ა.შ. ამ საკითხებს ნათელი უნდა მოეფინოს,” – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ვისი აზრითაც საგზაო რუკის შემუშავების პროცესში ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალა უნდა ჩაერთოს სტრატეგიის მაღალი ლეგიტიმაციისთვის.

მისივე თქმით, საგზაო რუკაში გაანალიზებული უნდა იყოს საქართველოს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. ჩხიკვაძის განმარტებით, შესაძლოა გამოიკვეთოს კვლევების ჩატარების საჭიროებაც, რათა დადგინდეს, რა ტიპის მხარდაჭერა აქვს EU-ს წევრ ამა თუ იმ ქვეყანაში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე კი ქვეყანამ ჩამოაყალიბოს საკომუნიკაციო სტრატეგია, რათა ამ სახელმწიფოს მოსახლეობას უკეთ დაანახოს საქართველოს ევროკავშირში მიღების აუცილებლობა.

“ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მაგალითად, რა შეიძლება იყოს ჩვენი პასუხი, თუ საქართველოს მოსახლეობაში ევროპული კურსი მხარდაჭერას დაიკლებს და ა.შ.” – ამბობს ჩხიკვაძე.

მინისტრების სკამების ეკონომიის ეფექტი

საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს დაამტკიცა სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები – რამდენიმე სამინისტრო გაუქმდა და მათი ფუნქციები სხვა უწყებებს გადაეცა. ეფექტი სწორედ 2018 წელს უნდა გაიზომოს, მაგრამ როგორ?

“დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებების დაანონსებისას. თუმცა იმ ანალიტიკოსებისთვის, რომელთაც “ბათუმელები” ესაუბრა, ბუნდოვანია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც სამომავლოდ ამ გადაწყვეტილების ეფექტი უნდა შეფასდეს.

“როდესაც სამინისტროებს აერთიანებენ, პირველ რიგში, ეფექტი ეკონომიაა ბიუროკრატიის ხარჯზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ იქნება. როდესაც ჰკითხეს (ბიუროკრატიის შემცირება) რიცხვებში როგორ გამოიხატებაო, პასუხი ნათელი არ იყო,” – ამბობს პოლიტოლოგი, გია ნოდია.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ:

“კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი რესურსი. ამასთან, აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება”.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, “კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია”.

გია ნოდიას თქმით, მთავრობის განცხადებები მოწმობს, რომ სამთავრობო ცვლილებების უკან არც პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილება დგას:

“ყოველ შემთხვევაში, უარყოფენ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია და გარემოს დაცვა (ეს სამინისტროები დამოუკიდებლად აღარ იარსებებენ) პრიორიტეტებიდან ამოვარდა. ანუ ეს პოლიტიკის ცვლილებასთან არ არის დაკავშირებული და სხვა რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, გაუგებარია,” – ამბობს ნოდია.

“ფინანსური შედეგები თუ არ მოგვცა, მაშინ რა მივიღეთ? მმართველობა გაუმჯობესდა? თუ ეს ყველაფერი არ იქნება სახეზე, მაშინ, უბრალოდ, კოსმეტიკური რეფორმა გამოვა და არა შინაარსობრივი,” – ამბობს პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია. მასაც, როგორც ნოდიას, მიაჩნია, რომ მთავრობამ ცვლილების აუცილებლობა სათანადოდ ვერ დაასაბუთა.

რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ეს ცვლილებები 2018 წლის განმავლობაში, თუ მთავრობის ძირითადი ჩანაფიქრი მმართველობის ეფექტურობაა, ხოლო ოპტიმიზაცია არა მთავარი მიზანი, არამედ მხოლოდ დამატებითი კომპონენტი?

“მაგალითად, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს როცა აერთიანებ, გაუმჯობესება უნდა მივიღოთ ეკონომიკის ან ენერგეტიკის მიმართულებით,” – ამბობს ნოდია და დასძენს, რომ 2018 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი რომც გვქონდეს, გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ ეს, უშუალოდ, სამთავრობო ცვლილებების შედეგია:

“სიტყვა ეფექტური ბევრს არაფერს ნიშნავს. კონკრეტულ კრიტერიუმებამდე უნდა დაეყვანათ (ეს ცვლილებები), რომელსაც ჩვენც დავინახავდით და შევაფასებდით. გამოდის, მინისტრების რაოდენობის კონკრეტულ ნიშნულამდე დაყვანა უნდოდათ. მინისტრების სკამების ეკონომია იქნება, მაგრამ სხვა თვალსაჩინო კრიტერიუმი არ ჩანს ან ჩვენ არ გვითხრეს”.

მთავარი ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო / EPA – ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი