საკრებულომ ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ნუსხა დაამტკიცა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მერიაში არსებულ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ორშაბათს, 12 აგვისტოს გამოცხადდება.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღება საჭირო, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი პასუხობს:
“ეს არის გარკვეულ თანამდებობებზე დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მთავრობის დადგენილების გადაწყვეტილებით და დადგენილებით ხდება ამ მოთხოვნების დამტკიცება.”
კონკურსი ცხადდება ქალაქის მერის მოადგილეების პოზიციაზეც. დამატებების მიხედვით, ქუთაისის მერის მოადგილე, რომელიც ინფრასტრუქტურული ბლოკის კურატორი იქნება, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ჰქონდეს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; იცოდეს სახელმწიფო ენა, windows 7, microsoft office world, microsoft office exel. ასევე, უნდა იცოდეს რამდენიმე კანონი, კანონქვემდებარე და ნორმატიული აქტები; უნდა ჰქონდეს არანაკლებ წუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მოლაპარაკების წარმოების უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და სასურველია იცოდეს უცხო ენები (ინგლისური, რუსული და ა.შ.).
საკრებულოს მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ამჟამად 7 ადამიანია, მათგან არცერთია “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ფრაქციის წევრი. ეს საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, გია უკლებამ დააყენა. მისი თქმით, მეტი გამჭვირვალობისათვის აუცილებელია კომისიაში მათი წევრიც იყოს წარმოდგენილი
“იმისათვის, რომ კომისია იყოს უფრო ლეგიტიმური, უფრო გამჭვირვალე, იმისათვის, რომ კონკურსში გამარჯვებულები ლეგიტიმურები იყვნენ, საჭიროა კომისიაში უმცირესობა იყოს წარმოდგენილი. ამიტომ ფრაქციიის წევრებს გვაქვს სურვილი ვიყოთ ამ კომისიის წევრები.”
საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისია შეიკრიბება და აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს:
“ჯერჯერობით კომისია უცვლელი არის. ჩვენ უკვე დღეიდან დავიწყებთ მუშაობას და მოხდება კომისიის წევრების რაოდენობის გადახედვა. შესაძლებელი არის გადაიხედოს, შესაძლებელი არის იგივე შემადგენლობა დარჩეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა საკითხი, რომ კომისიაში მათი წარმომადგენელი იყოს, ამიტომ განიხილება მათი საკითხი კომისიის სხდომაზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც უკეთესია მეტი საჯაროობისათვის, მეტი გამჭირვალობისათვის, კომისია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას.”
კომისიას უნდობლობას უცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი გია გოქაძე. ის ამტკიცებს, რომ კომისიის წევრების მხრიდან ნეპოტიზმს აქვს ადგილი, რის გამოც შეუძლებელია კომისიას ნდობა გააჩნდეს. გოქაძე ასევე წინააღმდეგია კონკურსის ფორმის. კერძოდ, მისი თქმით, საჭიროა არა გასაუბრება, არამედ ტესტირება:
“იწყებენ გასაუბრებას, რაც არის ყველაზე მარტივი, რადგანაც შეეძლოთ გაეკეთებინათ ტესტები და ტესტების საფუძველზე გამოევლინათ გამარჯვებული. ტესტები უნდა შეეკვეთათ, ფული უნდა გადაეხადათ ამის გამო გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის, ფინანსთა სამინისტროსათვის, იუსტიციის სამინისტროსათვის, ჩამოვიდოდა ტესტები და ნებისმიერ მოქალაქეს, შესაძლოა, ჰქონოდა გარანტია.”
გოქაძემ საკრებულოს სხდომაზე ფრააქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, მამუკა მღვდელაძეს მიმართა, რომელიც კომისიის წევრია. გოქაძის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მღვდელაძე კომისიის წევრი გახდა, მისი ძმა სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა. აღნიშნულ ბრალდების საპასუხოდ მღვდელაძე ამბობს, რომ მისი ძმა იმ პოზიციაზე დააბრუნეს, სადაც ის ადრე მუშაობდა და წინა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა:
“ჩემი ძმა აღადგინეს იმ სამსახურში, სადაც მუშაობდა და საიდანაც 3 წლის წინ დაითხოვეს იმის გამო, რომ იყო ჩემი ძმა. ის არის პოლიციის მაიორი, ის არის ომის მონაწილე და ეს არ არის ნეპოტიზმი.”
