ახალი ამბები

შამუგია: ვინც მოძალადე სისტემას ამართლებს, აღმოჩნდება ისტორიის ყველაზე სამარცხვინო მხარეს

30 დეკემბერი, 2017 • 4302
შამუგია: ვინც მოძალადე სისტემას ამართლებს, აღმოჩნდება ისტორიის ყველაზე სამარცხვინო მხარეს

პაატა შამუგია სოციალურ ქსელში თავისი კოლეგის, ზვიად რატიანის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. პოეტი აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაუცველი და ნაწამები ზვიად რატიანის კიდევ უფრო დასჯას ითხოვს და მოძალადე სისტემას ამართლებს, აღმოჩნდება ისტორიის ყველაზე სამარცხვინო მხარეს.

“მწერლები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ფენა ვართ ამ ქვეყანაში, რომელთაც გვიწევს ათას სხვადასხვა სამსახურში ვირივით მუშაობა, თავი რომ გავიტანოთ თვიდან თვემდე. და მაინც: ზვიად რატიანისთვის საჭირო 2000 ლარი რამდენიმე საათში შევაგროვეთ და უცხო არც არავინ შეგვიწუხებია. ზოგმა ალბათ უკანასკნელი თეთრები გაიღო. აქ და ახლა ისტორია იწერება – ზუსტად ის ხდება, რაც იოსიფ ბროდსკის სასამართლოზე ხდებოდა, ზუსტად იგივე რიტორიკა, ზუსტად იგივე ცინიზმი მოსამართლის მხრიდან, ზუსტად იგივე მონდომება დაქირავებული ხელის ბიჭების მხრიდან.

და ზუსტად იგივე მოხდება, რაც მოხდა ბროდსკის შემთხვევაში: ყველა ის ადამიანი, რომელიც დაუცველი და ნაწამები პოეტის (ას სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონის) კიდევ უფრო დასჯას ითხოვს, ტალახს ისვრის ყველა მხრიდან და მოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ამართლებს, აღმოჩნდება ისტორიის ყველაზე სამარცხვინო მხარეს. თქვენ უკვე მოაწერეთ ხელი თქვენს ბიოგრაფიებს. ჩვენ მხოლოდ ესთეტიკურად გავაფორმებთ ამ ყველაფერს.

ჩათვალეთ, ლიტერატურის ისტორიაში უკვე შესულია ის ფაქტი, რომ ამ სისტემამ შეთითხნა ვიდეო, სამარცხვინოდ დაამონტაჟა და ცოფიან ფანატიკოსებს საჯიჯგნად გადაუგდო თაობის საუკეთესო პოეტი. თქვენს შვილებს აუცილებლად ასწავლიან სკოლაში, ეს ვინ ქნა და რატომ. ჰოდა, დატკბით სისხლით, სანამ დრო გაქვთ, მძორებო! ჩვენ მაინც არ გავჩერდებით, პირიქით,” – წერს სოციალურ ქსელში პაატა შამუგია.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2000 ლარით დააჯარიმა, პოეტის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ არცერთი თეთრი გადაეხადა პოლიციელების მიერ ნაცემ ადამიანსა და მის ოჯახს. მოქალაქეებმა 2000 ლარი რამდენიმე საათში შეაგროვეს.

ზვიად რატიანის მკურნალობისთვის და წამლების შესაძენად თანხის შეგროვება გრძელდება. საბანკო ანგარიში მაშო სამადაშვილის სახელზეა გახსნილი. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თანხის გადარიცხვა: GE16TB7727145061100033 .

[red_box]ზვიად რატიანის საქმე – ვრცლად[/red_box]

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისის საქალაქო პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად რატიანი სამართალდამცველების ლანძღვა-გინებისა და დაუმორჩილებლობისათვის 29 დეკემბერს 2000 ლარით დააჯარიმა. გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, გვანცა ჯობავას ინფორმაციით, მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისას ზვიად რატიანს მიმართა, რომ ახალი წლის დღეების გამო დააკისრა მხოლოდ ჯარიმა და არ პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი