ახალი ამბები

მაღლაფერიძე: GPB-ის ევროპის ბიურო არ იხურება, ცვლილებები მისი გაძლიერებისკენაა მიმართული

29 დეკემბერი, 2017 •
მაღლაფერიძე: GPB-ის ევროპის ბიურო არ იხურება, ცვლილებები მისი გაძლიერებისკენაა მიმართული

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო არ იხურება და ცვლილებები მისი გაძლიერებისკენაა მიმართული. მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ არხის გუნდი ევროპის სხვადასხვა ქალაქში  უფრო მობილური უნდა გახდეს:

“დახურვა კი არ არის, პირიქით – ევროპის ბიუროს გაძლიერებაა. უნდა მოვიცვათ არა ერთი, არამედ ბევრი ადგილი. უფრო მობილურები უნდა ვიყოთ სხვადასხვა ქალაქში ევროპაში. იმას, რასაც აკეთებდა აქამდე ერთი ჟურნალისტი, გააკეთებს 6 ადამიანი. ბიუჯეტურადაც არის ამიტომ ეს გაზრდილი.

საკითხი უნდა დასმულიყო ასე – რატომ უნდა გვყავდეს ერთი და არა ექვსი ჟურნალისტი და რატომ უნდა ვაცხოვროთ ადამიანი მუდმივად. დღეს, მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლაა. ჩვენი ჟურნალისტები ძალიან მარტივად მიდიან, შეაფასეთ იგივე უკრაინის მოვლენები, ბულგარეთის. ძალიან ოპერატიულად დადიან, კატალონიის მოვლენებიც გაშუქდა. ეს უბრალოდ უფრო მოქნილობისთვის არის,” – ამბობს მაღლაფერიძე.

მენეჯმენტში აცხადებენ, რომ საუბარია მივლინების ფორმის ცვლილებაზე. თუ აქამდე ერთი ჯგუფი იყო ხანგრძლივი მივლინებით ბაზირებული ბრიუსელში, ახლა სხვადასხვა ჟურნალისტები იმუშავებენ მოკლევადიანი მივლინებებით ევროპის მასშტაბით და ერთმანეთს თემატიკიდან გამომდინარე შეენაცვლებიან.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საერთაშორისო მიმართულება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტულია.

მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნაწილისთვის. სულხან სალაძის თქმით, ეს პოლიტიკური განაცხადია და მისთვის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია.

ქეთევან მსხილაძის თქმით კი, ბრიუსელის ბიუროს დახურვა ქვეყნის განვითარებისთვის საწინააღმდეგო ქმედებაა:

“ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკური მესიჯი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიუსელი არა მარტო ევროპის დედაქალაქია, ნატოს შტაბბინაც არის იქ. მიმაჩნია, რომ დღეს ბრიუსელის ბიუროს დახურვა არის არასწორი და ქვეყნის განვითარების საწინააღმდეგო ქმედება.

რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, თუ ინტენსიურად მოხდა გაშუქება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და საჭიროება იქნება აქედან ჟურნალისტების გაშვება, მე ძალიან ეჭვი მეპარება, ეს უფრო იაფი დაჯდეს, ვიდრე ბრიუსელის ბიუროს შენახვა და იქიდან მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში საკითხების გასაშუქებლად,” – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, ქეთევან ქარდავამ გუშინ, 28 დეკემბერს გაავრცელა  ინფორმაცია, რომ არხის ხელმძღვანელობამ ბიუროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტის თქმით, ის მუშაობას 2018 წლის 1 თებერვლიდან შეაჩერებს.

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ხელმძღვანელობა აღნიშნულს ფინანსური ფაქტორით ხსნის.

“არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა”, – წერს ქარდავა “ფეისბუქზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი