რუსთავი 2- ის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში მიიღო, სწორი იყო, მედვედევი ამბობს:
“თავადპირველად მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. მივიჩნევ, რომ ეს უბრალოდ მნიშვნელოვანია და არა მარტო ჩემთვის, არამედ საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობისთვის. ახლა კი იმ დრამატულ მოვლენებზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა. სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა, მოხდა. მაგრამ თუ ჩემი შეფასების შესახებ ვისაუბრებთ, ეს, რა თქმა უნდა, მას მერე არ შეცვლილა. მიმაჩნია, რომ იძულებული ვიყავით ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმდებებზე, რომელიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. და მოვლენების ყველა შემდგომი განვითარება წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ ამ ფაქტით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და ვითარებაში ამგვარი ჩარევის აუცილებლობის ფაქტით. ამიტომ თუ მეკითხებით, ანალოგიურად მოვიქცეოდით თუ არა ასეთ სიტუაციაში, ჩემი პასუხია- დიახ. იმის მიუხედავად, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა როგორც პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. რაც შეეხება მომდევნო გადაწყვეტილებებს, როგორც მე ეს წარმომიდგენია, მოვლენათა მთელი ჯაჭვი, ისტორია, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც ვითარების შენარჩუნების შესაძლებელობა მოგვცა. ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი ხომ ის იქნებოდა, რომ ის შეტაკებები და საბრძოლო ოპერაციები, ადამიანების დაღუპვა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ პერმანენტულად გაგრძელებულიყო. ასეთი საფრთხე კი, იყო. მთავარია, რა კვალიფიკაციას მივცემთ ქმედებებს, შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ისეთი, როგორიც თქვენ თქვით და ისეთიც, როგორიც ჩვენ მივეცით. ჩვენ დავეყრდენით და ვეყრდნობით იმას, რომ ამ პერიოდში რუსეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად მოახდინა თავდაცვის უფლების რეალიზება,”- განაცხადა მედვედევმა რუსთავი 2-თან საუბარში.
რაც შეეხება საკითხს 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მედვედევი ამბობს:
“ის შეთანხმებები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, როგორც ჩანს, ეხება იმ დოკუმენტს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი სარკოზის მონაწილეობით და რომელსაც ამა თუ იმ ფორმით დაეთანხმა საქართველოს ხელმძღვანელობა, მისი ნამდვილი შინაარსი ვიცით მხოლოდ ჩვენ, და არა მათ, ვინც შემდგომ განმარტებებს აკეთებდა ამ დოკუმენტზე. ამიტომ რუსეთის მხარის პოზიცია, ჩვენი განზრახვების შინაარსი სრულიად შეესაბამება იმ ტექსტს, რომელიც არსებობს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია მისთვის.”
აღნიშნული გეგმის იმ პუნქტზე კი, რომლის მიხედვით, რუსეთის ჯარები უნდა დაბრუნებდონენ ომისწინანდელ პოზიციაზე, მედვედევი ამბობს:
“იქ ცოტა სხვაგვარდაა ნათქვამი, თუმცა ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან და ამ თვალსაზრისით ყველაფერი შესრულებულია.”
