დასკვნაში, რომელშიც სასჯელაღსრულების 15-ე დაწესებულებაში “მაყურებლების” შესახებ კონრეკტული ფაქტების შესახებ წერია, მინისტრის მიერ 2012 წლის 14 ნოემბერს არის ხელმოწერილი.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მინისტრმა #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები თანამდებობიდან სწორედ მაყურებლებთან კავშირის გამო გაათავისუფლა.
დასკვნა 2012 წლის 8 ნოემბერს #15 დაწესებულების რამდენიმე მსჯავრდებულთან გასაუბრების შედეგად არის შედგენილი.
მაგალითად, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, როგორც დოკუმენტში წერია, განმარტა, რომ ის შეესწრო მე-15 დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომლის და “მაყურებლების” საუბარს.
“ოქროპირიძეს სისტემატურად ჩამოყავდა ე.წ. მაყურებლები თავის ოთახში, სვამდნენ ყავას და საათობით საუბრობდნენ. მისივე განმარტებით, იგი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას ე.წ. მაყურებელებისგან, რაზეც ინფორმირებული იუო ბ.ოქროპირიძე, მაგრამ მისი მხრიდან არანაირ რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ზემოაღნიშნული ე.წ. მაყურებლები არიან გ.ა. “წრიპა” და “რიჟა,” მაგრამ მათი გვარები მისთვის უცნობია.”
სხვა მსჯავრდებულის, გ.თ-ს მონაყოლით კი, მან მოისმინა დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელი როგორ აფრთხილებდა ე.წ მაყურებლებს, რომ დაწესებულების ახალი დირექტორი აპირებს სპეცნაზის შემოყვანას, ჩხრეკის ჩატარებას “ზონაში” და უნდა გადაემალათ ე.წ ობშიაკი.
“კერძოდ, სიგარეტები, სასაუბრო ბარათები და სხვადასხვა პროდუქტები. რაც ე.წ. მაყურებლებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს.”- განამრტავს ერთ-ერთი პატიმარი.
მინისტრის, სოზარ სუბარის მიერ ხელმოწერილი დასკვნა “მაყურებლებთან” დაკავშირებული ამ და სხვა ფაქტებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურასაც გადაეგზავნა.
“ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა. მე როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, გადავიღე, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ-ერთი მაყურებელი რა პირობებში ცხოვრობდა,- ოროთახიანი “ასობნიაკი”, რომელიც მხოლოდ შიგნიდან იკეტებოდა. ამ დაწესებულების დირექტორი იყო მუხაძე, ადამიანი, რომელსაც ემსახურებოდა ორი სხვა პატიმარი. აღარ ვლაპარაკობ იმ პირობებზე, რომელიც იქ იყო. ეს იყო ის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, სასურველია, რომ არ იყოს, მაგრამ ერთი ხელის დაკვრით ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია,”- ამბობს სუბარი ნეტგაზეთთან საუბარში.
მისივე თქმით, ვითარების შესაცვლელად, პირველ რიგში, ციხეების ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს.
“პირველ რიგში, თუ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, ძალიან რთულია რადიკალური ცვლილებების განხორციელება. რას ვგულისხმობ ინფრასტუქტურის მოწესრიგებაში – როდესაც არსებობს დაწესებულება, სადაც არის 6-7 ჰექტარი ტერიტორია, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე დგას 7 კორპუსი, ერთი არის საკნების ტიპის, 6 -ბარაკული ტიპის. ბარაკი – 100-200 კვარდატული მეტრის ოთახი, სადაც 200-300 ადამიანს სძინავს. მთლიანად ამ დაწესებულებაში არის 1900-200 პატიმარი და ემსახურება 200 ადამიანი. ეს 200 ადამიანი რომ გავყოთ 3 ცვლაზე, ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, დარჩება 50 ადამიანი 2000 კაცზე. კეთილ სურვილად რჩება ამ შემთხვევაში ისეთი წესრიგის დამყარების სურვილი, როგორიც ჩვენ გვაქვს მანამ, სანამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ დავამთავრებთ. ეს პროექტები ხორციელდება მთელი სისწრაფით. მართლა გაოცებული ვარ, რაში ხარჯავდნენ ფულს და სად მიდიოდა ეს ფული, როცა კვება არ ვარგოდა, ჯანდაცვაში კაპიკი არ იხარჯებოდა, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი. რაში ხარჯავდნენ ამ ფულს, რამდენს იპარავდნენ, მართლა გაოგნებული ვარ,”- აცხადებს მინისტრი.





