ახალი ამბებისაზოგადოება

საშობაო და საახალწლო სიმბოლოები და მათი ისტორია

28 დეკემბერი, 2017 • 11515
საშობაო და საახალწლო სიმბოლოები და მათი ისტორია

ქრისტეშობა თავისი არსით რელიგიური დღესასწაულია, თუმცა მას უკვე დიდი ხანია, რაც არა მხოლოდ ქრისტიანები აღნიშნავენ და ერთგვარ საოჯახო დღესასწაულად ჩამოყალიბდა ახალ წელთან ერთად. გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ სიმბოლოებსა და დეკორაციებზე, რომლებსაც სადღესასწაულო დღეებში ხშირად შევხვდებით.

საშობაო ნაძვისხე

ზამთრის ფესტივალებში მარადმწვანე მცენარეებს ადამიანები უძველესი დროიდან იყენებენ ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე პერიოდშიც. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნაძვის ტოტები მათ სახლებს ავი სულებისა და ნეგატივისგან დაიცავდა.

რაც შეეხება უშუალოდ საშობაო ნაძვისხის ტრადიციის წარმოშობას, ამის თაობაზე ევროპულ ფოლკლორში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს.

ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით, ეს ტრადიცია დასავლეთ გერმანიიდან მოდის. შუა საუკუნეების პოპულარულ სპექტაკლში “ადამი და ევა” სამოთხეს სწორედ ნაძვი ხე განასახიერებდა. გერმანელები “სამოთხის ხეს” სახლებში 24 დეკემბერს რთავდნენ და მასზე ვაფლებს ჰკიდებდნენ, რითიც ევქარისტული პურის სიმბოლიზირებას ცდილობდნენ. მოგვიანებით ვაფლები სხვადასხვა ფორმის ნამცხვრებმა შეცვალეს. ნაძვის მოსართავად ხშირად იყენდბენენ სანთლებსაც. იმავე ოთახში აწყობდნენ შობის პირამიდასაც, ხის სამკუთხა კონსტრუქციას, რომლის თაროებზეც საშობაო ფიგურებს დებდნენ და მარადმწვანე მცენარეებით, სანთლებითა და ვარსკვლავებით რთავდნენ.

მე-16 საუკუნეში საშობაო პირამიდა და “სამოთხის ხე” ერთმანეთს შეერწყა და ასე მივიღეთ თანამედროვე საშობაო ნაძვისხე, რომელმაც პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. სახლებში ნაძვისხის დადგმის ტრადიციის ფუძემდებლად მარტინ ლუთერი ითვლება.

როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტი 1840 წელს ინგლისში ჩავიდა და დედოფალ ვიქტორიაზე იქორწინა, მან საშობაო ნაძვისხის ტრადიციაც თან ჩაიტანა. სამეფო ოჯახი საშობაო ნაძვისხეს პატარა საჩუქრებით, სათამაშოებით, ტკბილეულითა და სანთლებით რთავდა. 1848 წელს სამეფო ოჯახის ნაძვისხის ამსახველი ფოტო ლონდონის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა, რის შემდეგაც ეს ტრადიცია მოდურ ტრენდად იქცა.

დედოფალი ვიქტორია, პრინცი ალბერტი და ინგლისის სამეფო ოჯახი საშობაო ნაძვის ხესთან. 1848 წლის ილუსტრაცია ლონდონის გაზეთიდან

[red_box]სანტა კლაუსი[/red_box]

სანტა კლაუსი ფიქციური პერსონაჟია, რომელიც შობის განუყრელი ნაწილია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.  სანტა კლაუსის პოპულარობის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მას დღესასწაულზე ბავშვებისთვის საჩუქრები მიაქვს. მისი იმიჯი ასოცირებულია წმინდა ნიკოლასთან (ნიკოლოზი), მე-4 საუკუნის ქრისტიან წმინდანთან. სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის საჩუქრების დამტარებელი გამოგონილი პერსონაჟის არაერთი ვარიანტი არსებობს. საქართველოში ასეთია თოვლის პაპა/ბაბუა.

ბევრს ჰგონია, რომ სანტა კლაუსის თანამედროვე სახე კოკა კოლამ შექმნა თავისი სარეკლამო პოსტერებით, თუმცა ეს ასე არ არის. სანტა კლაუსის გარეგნობის თანამედროვე აღქმა ტომას ნასტის მიერ 1863 წელს დახატული ილუსტრაციიდან მოდის.

ტომას ნასტის სანტა კლაუსი

1931 წელს ილუსტრატორმა ჰადონ სანდბლამმა კოკა კოლასთვის შექმნა ნასტის ნახატის მსგავსი სანტა კლაუსის სახე, რომელიც მალევე მეინსტრიმად იქცა – სანტა კლაუსი წითელ კოსტუმშია გამოწყობილი, თეთრი წვერი აქვს, შავი ქამარი უკეთია, წითელი ქუდი ახურავს და შავი ჩექმები აცვია.

კოკა კოლას პირველი სარეკლამო სანტა კლაუსი

[blue_box]რატომ უტოვებენ სანტას რძესა და ნამცხვარს?[/blue_box]

ლეგენდის თანახმად სანტა კლაუსი ერთი ღამის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოგზაურობს თავის ირმებთან ერთად. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ის მოშიებული იქნება. ამიტომ ბავშვები, რომლებიც სანტასგან საჩუქრებს ელიან, სანაცვლოდ ნამცხვრის ნაჭერსა და რძეს უტოვებენ, ზოგიერთები სტაფილოსაც ითვალისწინებენ სანტას ირმებისთვის. History.com-ის მიხედვით, რძითა და ნამცხვრით სანტას გამასპინძლების ტრადიციას აშშ-ში საფუძველი დიდი დეპრესიის დროს ჩაეყარა 1930-იან წლებში.

ეკონომიკურად შეჭირვებულ წლებში ბევრი მშობელი ცდილობდა, რომ ბავშვებისთვის სიკეთის კეთება, სხვებისათვის დახმარების მნიშვნელობა და მიღებული საჩუქრის გამო პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვის აუცილებლობა ასე ესწავლებინა.

[yellow_box]წინდები ბუხარზე[/yellow_box]

ფერადი წინდები საკმაოდ გავრცელებული საშობაო/საახალწლო ტრადიციაა, რომელიც უფრო მეტად მითს ეფუძნება, ვიდრე დადასტურებულ ფაქტს. ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლასი (ნიკოლოზი), რომელიც მოგზაურობდა და გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა, ერთ-ერთი კაცის ოჯახში მივიდა, რომელსაც მანამდე ცოლი მოუკვდა და 3 შვილს მარტო ზრდიდა.

წმინდა ნიკოლოზმა იცოდა, რომ ოჯახს ეკონომიკურად უჭირდა, თუმცა იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ კაცი სიამაყის გამო მისგან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებდა, ამიტომ ოქროს მონეტები ბუხართან გასაშრობად გაფენილ წინდებში ჩაყარა.

[gray_box]კანფეტი ხელჯოხი[/gray_box]

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო ტკბილეულია, რომელიც მისი ფორმიდან (ნაძვისხეზე ადვილად იკიდება) გამომდინარე საშობაო/საახალწლო დეკორაციებშიც ლიდერობს. ისევე როგორც ნაძვისხის ტრადიციის შემთხვევაში, კარამელის ხელჯოხის, როგორც შობის ატრიბუტის წარმოშობასთან დაკავშირებითაც რამდენიმე მითი გვხვდება ფოლკლორში.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი აქაც გერმანიიდან მოდის. ამ ლეგენდის თანახმად, 1600-იან წლებში გერმანიის ქალაქ კიოლნის ტაძრის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელმა ხმაურიანი მგალობელი ბავშვების დასამშვიდებლად შაქრის ჩხირები შეუკვეთა. მუსიკოსი ეჭვობდა, რომ გალობის დროს მღვდლები და მშობლები ბავშვების მიერ ტკილეულის ჭამის ფაქტს არ მიესალმებოდნენ და კანფეტები საგანმანათლებლო კონტექსტით დატვირთა – მათ ქრისტესშობის მწყემსების ჯოხების ფორმა მისცა.

[red_box]დეკორატიული გვირგვინი[/red_box]

ნაძვის ტოტებისგან შეკრული გვირგვინი, რომელსაც დღესასწაულის დროს ადამიანები სახლის კარზე კიდებენ, ასევე ძალიან პოპულარული დეკორაციაა. რომაელები მარადმწვანე ხეების ტოტებს, როგორც ჯანმრთელობისა და ენერგიის სიმბოლოს, ერთმანეთს ახალი წლის დღეებში ჩუქნიდნენ, მოგვიანებით ამ ტოტებისგან გვირგვინების გაკეთება დაიწყეს, რაც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

ქრისტეშობის კონტექსტში გვირგვინი ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. წითელი დეტალები ნაძვის ტოტებისგან შეკრულ გვირგვინზე ქრისტეს სისხლს, ტანჯვას განასახიერებს. ნიუ იორკ ტაიმსის მიხედვით, სწორედ აქედან მოდის ეს საშობაო დეკორაცია.

[blue_box]პუანსეტია – შობის ყვავილი[/blue_box]

ეს წითელი ყვავილი, რომელიც ბოლო წლებში საქართველოშიც პოპულარული ხდება დღესასწაულის დღეებში, მექსიკიდან მოდის.

პუანსეტია

სახელი პუანსეტია ამერიკელი პოლიტიკოსის ჯოელ პოინსეტის საპატივსაცემოდ ეწოდა. ის მექსიკაში ამერიკის მინისტრი იყო და 1828 წელს პირველად მან ჩაიტანა თავის ქვეყანაში. რაც შეეხება ყვავილის შობასთან კავშირს, ლეგენდის მიხედვით, მე-16 საუკუნის მექსიკაში ღარიბ გოგონას საშობაო საჩუქრების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. მას ანგელოზმა ბალახის შეგროვება და ეკლესიაში მიტანა დაავალა. ჩვეულებრივი ბალახი კი პუანსეტიად გადაიქცა. მე-17 საუკუნეში სასულიერო პირებმა მექსიკაში პუანსეტიას საშობაო ღონისძიებებში გამოყენება დაიწყეს.

ჯინჯერის ორცხობილა – კაცუნა

ჯინჯერის ორცხობილა პოპულარული საშობაო დესერტია. HIstory.com-ის მიხედვით, ჯინჯერის ორცხობილებს არაერთ ქვეყანაში აცხობდნენ და მიირთმევდნენ ზამთრის დღესასწაულებზე ჯერ კიდევ ქრისტესშობამდელ პერიოდში, თუმცა უშუალოდ ჯინჯერის კაცუნის ისტორია ინგლისის დედოფლის ელიზაბეტ I-ის სახელს უკავშირდება, რომელიც ჯინჯერისგან თავისი ფავორიტი კარისკაცების ფორმის ნამცხვრებს ამზადებინებდა.

ჟურნალ Time-ის მიხედვით, ორცხობილა კაცუნებს იმ პერიოდში სხვა დანიშნულებითაც იყენებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მაშინ ჯადოქრებს ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ თუ ქალი კაცს მისთვის შექმნილ ორცხობილას აჭმევდა, ის მას სამუდამოდ შეიყვარებდა.

[yellow_box]ზარი, ვარსკვლავი, ანგელოზი[/yellow_box]

ყველა ეს დეკორაცია, რომელსაც საშობაოდ ადამიანები ნაძვისხეზე ათავსებენ, ქრისტეს შობის ბიბლიურ ისტორიასთან და ეკლესიასთანაა დაკავშირებული.  ქრისტეს შობის დროს ბეთლემის ვარსკვლავი აკაშკაშდა ცაზე, ინფორმაცია ქრისტეს დაბადების თაობაზე ანგელოზებმა გაავრცელეს, ხოლო ზარები ეკლესიაში ირეკება.

[gray_box]ჩიჩილაკი[/gray_box]

ჩიჩილაკი ევროპული ნაძვისხის ნათესავია საქართველოდან. ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, მიჩნეულია, რომ ჩიჩილაკის რიტუალში ხის თაყვანისცემის უძველესი ჩვეულებაა ასახული.

ჩიჩილაკი არის საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე. ჩიჩილაკს თხილის ტოტისაგან ამზადებდნენ.

ჩიჩილაკს ამკობდნენ ტკბილეულით, ხილით, ჩურჩხელებით, მარადმწვანე ფოთლებით, წითელნაყოფიანი კურკანტელით, აბრეშუმის ძაფებითა და სამკაულებითაც.

“დაძინების წინ ოჯახის უფროსი ჩიჩილაკსა და ხონჩას სახლიდან გაიტანდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას, გამთენიისას გაეშურებოდა წყაროზე, ხელპირს დაიბანდა, წაიღებდა ჩიჩილაკს, ხონჩაზე აანთებდა სანთლებს, დაილოცებოდა, შემოუვლიდა კარ-მიდამოს, საქონლის სადგომებს და გამრავლებას ინატრებდა, მერე მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და ოჯახის წევრებს მიულოცავდა ახალ წელს. წყალკურთხევამდე (6 იანვარი) ჩიჩილაკს ოჯახში ინახავდნენ, შემდეგ შემოაცლიდნენ ტკბილეულს, ცეცხლში გარუჯავდნენ და ბოსტანში ჩაფლავდნენ – „ბოსტანს ჭია-მატლი ვეღარ გააფუჭებსო“, – ვკითხულობთ ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონიდან.

[blue_box]მეკვლე[/blue_box]

მეკვლე ახალი წლის მისალოცად მიწვეული კარგი ფეხის მქონე მეზობელია, რომელსაც ძველი რწმენით იღბლიანი წელი უნდა დაებედებინა ოჯახისათვის.

“მეკვლეს (ოჯახის მეკვლეს) უძახოდნენ ოჯახის იმ წევრსაც (უმეტესად უფროს მამაკაცს), რომელიც დილა ბნელზე ტაბლით სახლს შემოუვლიდა და შემდეგ ოჯახს უკვლევდა”, – ვკითხულობთ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

მეკვლეობის ტრადიცია ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, აჭარაში ახალი წლის პირველ დღეს გარკვეულ წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ, რომელთა დანიშნულებაც მომავალი სამეურნეო საქმიანობის იღბლიანობის უზრუნველყოფა იყო.

პირველი დღის მაგიის რწმენა კარგად ჩანს მეკვლეობის ინსტიტუტში. გადმოცემით, სახლი უნდა ეფერხვა „კაი ფეხის“ ადამიანს. იგი დილით ადრე უნდა მისულიყო სახლში. მეკვლეს ანუ მფერხავს ხელში ტკბილეული ეჭირა. იგი კარზე დააკაკუნებდა. ოჯახის უფროსი მეკვლეს გამოეპასუხებოდა. მათ შორის იმართებოდა დიალოგი, რომლის დროსაც მეკვლე ოჯახს ხვავს, ბარაქას, სითბოს, სიტკბოს, სიხარულსა და ბედნიერებას დაუბედებდა და ოთახში შევიდოდა. შესასვლელში იდგა პატარა სკამი (ჯორკო), რომელზეც იდო ბრინჯიანი თასი. მფერხავი აიღებდა თასს, დაჯდებოდა ჯორკოზე და სამჯერ წაინაცვლებდა წინ, ოჯახის საქმე წინ წავიდესო. მერე ბრინჯს და კანფეტს მოაყრიდა ოთახებში. შემდეგ მეკვლე კერაში ნაკვერცხალს გაჩხრეკდა, ნაპერწკლებს ააყრევინებდა და დაილოცებოდა: „რამდენი ნაპერწკალიც ავარდა, იმდენი სიმინდი, იმდენი ოქრო-ვერცხლი, იმდენი საქონელ-ფრინველი, ხვავი და ბარაქაო“. ამ დღეს არ შეიძლებოდა ოთახის დაგვა, ხვავი და ბარაქა ოჯახიდან რომ არ გასულიყო.

[gray_box]ალილო[/gray_box]

ალილო ძველისძველი სიმღერაა, რომელსაც საქართველოში შობის წინა ღამეს მისალოცად კარდაკარ სიარულის დროს ასრულებდნენ. საქართველოში ალილო სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს, თუმცა გასაბჭოების შემდეგ ეს ტრადიცია აქ აღარ აღინიშნებოდა. ალილო ილია მეორემ აღადგინა.

საშობაო ალილოს მსვლელობა თბილისში. 07.01.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი