ახალი ამბები

ივანიშვილი: მიზნების მისაღწევად გვჭირდება მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა

6 აგვისტო, 2013 •
ივანიშვილი: მიზნების მისაღწევად გვჭირდება მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა

ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის, მისიაა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესება და ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა სწორ გზაზე დგას:

 

“მაგრამ ჩვენი მიზნების მისაღწევად გვჭირდება მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას:

 

„პრაგმატულში“ ვგულისხმობთ უარის თქმას „ცივი ომის“ რიტორიკასა და წინდაუხედავ, უპასუხისმგებლო ქმედებებზე, რომელებმაც 2008 წლის კონფლიქტამდე მიგვიყვანა. მიმდინარეობს რუსეთან ვაჭრობის აღდგენა, როგორც ურთიერთნდობის გაღვივებისკენ მომართული ნაბიჯი. ამასთან, ჩვენ ვინარჩუნებთ ურყევ პოზიციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ ამ პრობლემების მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრნობით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ველით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას”, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, გაბედული რეფორმების გატარებით საქართველო უკვე მიუახლოვდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, ასევე, საქართველო ელოდება ნოემბრის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

“გარდა ამისა, „პრაგმატული“ ნიშნავს საერთაშორისო ვალდებულებების აღებას. მიუხედავად ტრაგიკული დანაკარგისა, ჩვენი მებრძოლები კვლავ მსახურობენ ავღანეთის ყველაზე სახიფათო რეგიონებში. რადგან საქართველოზე გადის ოთხი საკვანძო მილსადენი, ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა ევროპის ენერგეტიკულ საზოგადოებაში გაწევრიანების სურვილი”, – წერს თავის წერილში ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერის თქმით, მისი მთავრობა რეალურად უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, შრომითი უფლებების დაცვას, განათლების სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე გამიზნული რეფორმის გატარებას და უკვე ამა წლის ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვას; საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის ძალითაც განხორციელდება ძალაუფლების ეფექტური განაწილება ხელისუფლების შტოებს შორის.

“რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშში, რომელიც ეხმიანება ევროკავშირის ყოველწლიურ შეფასება-ანგარიშს საქართველოს შესახებ, ხაზგასმულია წამებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობა. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს.

ჩვენ გადავდგით რეალური ნაბიჯები სისხლის სამართლის ლიბერალიზაციისკენ. ამიერიდან ბრალდებულები წარდგებიან დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე მედიისათვის ღია სასამართლო დარბაზში. ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში „მართლმსაჯულების სისტემა არ იყო სრულიად დამოუკიდებელი“. ჩვენ კი ეს შევცვალეთ”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერის თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მოქალქეებმა შეიტანეს 20 000 საჩივარი ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების წინააღდეგ:

 

“ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა იძიებს ამ საქმეებს და მიჰყვება სათანადო სამართლებრივ პროცედურას თომას ჰამერბერგის (ევროკავშირის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ კონკრეტულ რეფორმებს ეკონომიკის სფეროში, ვმუშაობთ სოფლის-მეურნეობის აღდგენაზე, ვქმნით სამართლიან საგადასახადო სისტემას, ვუზრუნველყოფთ პოლიტიკური ზეწოლისა და ბიზნესის გამოძალვის პრაქტიკის შეწყვეტას. მცირედი გაურკვევლობის შემდეგ, რომელიც მოჰყვა არჩევნებს, კვლავ იმატა ინვესტიციებისა და ექსპორტის მასშტაბმა. ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები დიდძალ მოგებას მოიტანს მომდევნო ათწლეულში.

მიუხედავად მკაფიო წინსვლისა, ჩვენს ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ისინი, ვინც მოკავშირეებად უნდა მოიაზრებოდნენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე. მავანთა მცირერიცოხვანი, მაგრამ ხმამაღალი ჯგუფები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელთა დიდი ნაწილი წარსულში უგულებელყოფდა ოფიციალურ ანგარიშებს ჩადენილი დანაშაულების შესახებ, დღეს დეზინფორმაციის საფუძველზე გამოთქვამენ აღშფოთებას ყოფილი თანამდებობის პირთა დაკავების გამო და ანტიდემოკრატიულ ქმედებად მოიხსენებენ მას.

საქართველოს უგულებელყოფა მისი ისტორიის ასეთ კრიტიკულ მონაკვეთზე წინდაუხედაობაა და შეიცავს პოტენციური დესტაბლიზაციის რისკს ამ მცირე ქვეყანაში, რომელიც განლაგებულია მეტად სახიფათო რეგიონში. მე ვთხოვ ჩვენს კრიტიკოსებს, შეხედონ ფაქტებს: ჩვენ მივყვებით სათანადო სამართლებრივ პროცედურებს საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, ჩვენ ვიწვევთ საერთაშორისო მონიტორებს სასამართლო პროცესებისა და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ზედამხედველობის განსახორციელებლად”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერის თქმით, მის მოსვლას პოლიტიკაში უსწრებდა ფილანტროპიული საქმიანობისა და წინა ხელისუფლების მხარდაჭერის წლები:

 

“დავრწმუნდი, რომ რეალური ცვლილებების გატარება და ჩვენი დანაწევრებული ქვეყნის გაერთიანების იმედის ხორცშესხმა ითხოვდა ჩემგან ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებას. მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის მოლოდინში ჩვენ გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა შევასრულოთ ჩვენი ამოცანა და რეალობად ვაქციოთ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებები, რომლებიც თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ იდეალებს და იმედებს წარმოადგენდა”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი