დღეს სასამართლომ განიხილა სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის გიგა კოხოძის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ალექსანდრე ბაბუნაშვილისა და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თენგიზ ნასარეიას აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხი. კოხოძესა და ბაბუნაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენისთვის ედებათ ბრალი, ხოლო ნასარეიას – სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისათვის.
“სასამართლომ გამოიტანა განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, სამივე ბრალდებულს, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ,” – განაცხადა გიგა კოხოძის ადვოკატმა თეიმურაზ მესხმა პროცესის დასრულების შემდეგ.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე ჭაბუკიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცული, ბრალი სხვა პირებსაც წაუყენონ:
“პროკურატურის მიერ შეტანილი იქნა შუამდგომლობა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების შედეგად გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ეს განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და ჩვენი შუამდგომლობა წარმოდგენილი მტკიცებულებების და მოტივირებული საფუძვლების მიხედვით დააკმაყოფილა. მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, საკმაო საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მონაწილეობდნენ კორტავას ცემაში და ცემის შედეგად გარდაცვალებაში, წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და წარედგინოთ მათ ბრალი შესაბამისი კვალიფიკაციით. ამ ეტაპზე საუბარია 6 პირზე.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა პირების შესაძლო მონაწილეობას ამ საქმეში, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ეს პროცესი არ დამთავრდება იმ ადამიანებზე, იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც უკვე წარდგნენ სასამართლოს წინაშე”, – განაცხადა პროკურორმა.
ლევან კორტავა 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც გეგუთის ციხეში მიღებული ფიზიკური ტრავმების შედეგად იქნა გადაყვანილი. გარდაცვლილი პატიმრების ახლობლები ითხოვენ გეგუთის ციხის მაშინდელი უფროსის მალხაზ სინაურიძის დასჯას, რომელიც მომხდარის შედეგად დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან. კორტავას ოჯახის წევრები, ასევე, მოითხოვენ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას.
3 აგვისტოს კორტავას გარდაცვალების საქმე გახსნილად გამოაცხადა პროკურატურამ და ბრალი წაუყენეს შემდეგ პირებს: სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორებს ილია შანშაშვილს, თენგიზ ნასარეიასა და გიგა კოხოძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ალექსანდრე ბაბუნაშვილს.
ამას გარდა, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის (სსკ 117-ე მუხლი) ბრალი წარედგინათ პატიმრებს: ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს, ნუგზარ ბუჩუაძეს, ასევე, ყოფილ პატიმარ – გიორგი შემაზაშვილს.
