ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაღებში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეს პროკურატურა იძიებს

27 დეკემბერი, 2017 • 2074
თბილისის საბავშვო ბაღებში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეს პროკურატურა იძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბიუჯეტის კუთვნილი თანხების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის საქმეს იძიებს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურამ გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან გაგზავნილი დასკვნის საფუძველზე, 2017 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო.

“თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნა გაზრდილი იქნა მომსახურების ღირებულება შპს ,,ელფის“ სასარგებლოდ, რაც განხორციელდა მისაწოდებელ კვების პროდუქტებზე ამავე საზოგადოების მიერ ფასების სავარაუდოდ ხელოვნურად გაზრდის გამო”, – აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყება შპს “ელფთან” დაკავშირებით მიმდინარე კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ავრცელებს ინფორმაციას. კერძოდ, პროკურატურა 2017 წლის 20 მაისიდან აწარმოებს გამოძიებას ქ. თბილისში  ,,უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში  გამარჯვებული პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით შესაძლო დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ,,ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისში ,,უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შესაბამის გამგეობებს ყოველდღიურად წარუდგენენ კვებითი მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობრივ მონაცემებს.

“ამავე განცხადების თანახმად, ხსენებული იურიდიული პირების მიერ დამზადებული საკვების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისში უფასო სასადილოებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან ერთ-ერთი არის შპს ,,ელფი“, – იუწყება პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტებში ბენეფიციარების რეალური რაოდენობის შესახებ ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანითა და შესაბამის გამგეობებში წარდგენით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოტყუებით დაუფლებას, რის შესწავლასაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურა.

თავად შპს “ელფის” წარმომადგენელმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში მისთვის მონაწილეობის შეზღუდვას ემსახურებოდა პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება.

“რაც შეეხება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს შპს ,,ელფის“ ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა პროკურატურის თანამშრომლები გეგმავდნენ კომპანიისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაში ხელის შეშლას, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მტკნარი სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან 2017 წლის 21 დეკემბერს შპს ,,ელფში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, წინასწარ გაწერილი და შემუშავებული საგამოძიებო გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, როდის და რომელი უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გეგმავდა აღნიშნული კომპანია მონაწილეობის მიღებას. თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტი, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მიუხედავად კანონით ასეთი ვალდებულების არარსებობისა, კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მათივე წარმომადგენლებს, მიეცათ შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მონაწილეობა მიეღოთ  ხსენებულ ელექტრონულ შესყიდვაში. მეტიც, კომპანიის საქმიანობისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებმა შპს ,,ელფისგან“ შეგნებულად არ მოახდინეს დოკუმენტაციის იმ ნაწილის ამოღება, რომელიც დაკავშირებული იყო დასახელებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებასთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებს სრული წვდომა ჰქონდათ ტენდერში მონაწილეობისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ ტექნიკასთან. შედეგად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღო”, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 21 დეკემბერს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იქნა არა მხოლოდ შპს ,,ელფში“, არამედ ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და ქ. თბილისში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებში.

დღესვე “ელფის” საკითხზე განცხადებები გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მინდა გამოვეხმაურო შპსელფთანდაკავშირებით ატეხილ უსაფუძვლო აჟიოტაჟს. მოცემულ შემთხვევაში, საქმე პროკურატურაში მიმდინარე საქმისწარმოებას ეხება, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ბაგაბაღებში კვების ხარისხთან დაკავშირებით დაიწყო. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ის არასწორი ინტერპრეტაციები  და აქცენტები მიუღებელია, რაც კონკრეტულ  საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით კი, ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, რომ მათ ტენდერში მონაწილეობა მიეღოთ.

აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით მაღალი იყო. ჩვენთვის ჩვენი შვილების, პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პრიორიტეტია. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი, პატარების ინტერესებს. ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც კითხვები ჩნდება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი