ახალი ამბები

მუსლიმთა სამმართველო: ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას რელიგიის სახელით

27 დეკემბერი, 2017 • 2229
მუსლიმთა სამმართველო: ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას რელიგიის სახელით

მუსლიმთა სამმართველო ისლამის სახელით განხორციელებულ ნებისმიერი ხასიათის ძალადობას ემიჯნება. ამის შესახებ სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოში მოღვაწე მუსლიმი სულიერი ლიდერები გმობენ ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტერორიზმსა და რელიგიას საერთო არაფერი აქვთ.

“კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან, ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს მუსლიმები, რომლებიც სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში.

ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. ჩვენ, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და  ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე”.

სამმართველო საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველყოს.

“როგორც საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება”, – ნათქვამია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სუს–ის ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი